კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ, ამის შესახებ წერილი კლინიკების ნაწილმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსგან რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

კლინიკების ნაწილში ამბობენ, რომ ამ რეგულაციის გათვალისწინებით, ისინი ერთმანეთთან არათანაბარ პირობებში იქნებიან და მძიმე პაციენტებზე მომუშავე საავადმყოფოები დახურვის პირას აღმოჩნდებიან. სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათთან ლეტალობის მაჩვენებელი 3.7%-ს არ აღემატება, დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგია გადასახედია.

„დათვლა მოხდა მხოლოდ გადაუდებელი კომპონენტის ფარგლებში, ამ შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია თუ რას რასთან ვადარებთ, ძალიან ბევრი დეტალია გადასახედი. მაგალითად არის კლინიკები, რომლებიც მხოლოდ რეანიმაციულ პაციენტებს იღებენ, რა თქმა უნდა მათი ლეტალობის მაჩვენებელი მაღალი იქნება. გარდა ამისა, არის შემთხვევები როდესაც პაციენტის შემოყვანისთანავე ფიქსირდება გარდაცვალება ანუ ექიმების ჩარევამდე. ასევე როგორ შეიძლება ხეჩინაშვილის კლინიკის ლეტალობის მაჩვენებელი შეადარო სხვა კლინიკებს, როდესაც დამწვრობის ცენტრი მხოლოდ აქ არის.

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს, რომ ლეტალობის დათვლის მეთოდოლოგია გადაიხედოს. გადასახედია, თუ რა ტიპის პაციენტები შემოდიან, რამდენად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის არიან ისინი და აქედან გამომდინარე უნდა განისაზღვროს ლეტალობის მაჩვენებელი“, - განუცხადეს „კომერსანტს“ ხეჩინაშვილის კლინიკაში.

კლინიკებში იმასაც განმარტავენ, რომ ამ პირობებში შესაძლოა, მათმა ნაწილმა მძიმე ავადმყოფების მიღებაზე საერთოდ უარი თქვან, რადგან ეს მათ სტატისტიკაზე უარყოფითად აისახება. 

გარდა იმისა, რომ კლინიკების ნაწილი დახურვის პირას აღმოჩნდება, ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ დაფინანსების პროგრამაში დარჩენილი საავადმყოფოები ფიზიკურად ვერ შეძლებენ ყველა პაციენტის მიღებას და მოსახლეობაც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„მთავრობის ინიციატივა კი არ შეამცირებს სიკვდილიანობას, არამედ გაზრდის, რადგან შეიძლება მოხდეს ისე, რომ კლინიკებმა აღარ მიიღონ მძიმე პაციენტები, ლეტალობის ზრდის შიშით. მეთოდოლოგიას რაც შეეხება, თუ მარტო რეანიმაციულ და ინტენსიურ თერაპიაზე ითვლიან, ეს არასწორი დათვლაა და ზოგადად მეთოდოლოგიაა გადასახედია“, - ამბობს ვატო სურგულაძე.

მისი თქმით, იმ საავადმყოფოებში მოხვედრილ მძიმე პაციენტებს, რომელსაც სახელმწიფო პროგრამიდან ამოიღებენ, სრულად მოუწევთ რეანიმაციის ხარჯების დაფარვა, რაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, უმძიმესი იქნება.