„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანებაში" ყაზახი ტურისტებისადმი გახშირებულ არაკორექტულ მოპყრობაზე საუბრობენ. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2024-2025 წლებში არაკორექტული მოპყრობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახები არასათანადო და შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან. საუბარია კვების ობიექტებზე,  საფინანსო დაწესებულებებზე, სამარშრუტო ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" განცხადებით, მესაზღვრეების მხრიდან შეინიშნება ღირსების შემლახავი და არაკორექტული გამოკითხვის პრაქტიკაც.

"მსგავსი სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტების სიმრავლეზე მიუთითებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ორგანიზაციის წევრების თანამშრომელთა მხრიდან დახმარების ხშირი თხოვნები, მრავლობითი პრეტენზიები კერძო პირებისგან და სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი სტატია თუ პოსტი, რომლებიც ყაზახეთის მოქალაქეების ნეგატიურ გამოცდილებას ასახავს. გვსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადოთ: ყოველი სახის დამამცირებელი მოპყრობა, არაკორექტულად გამოხატული უარი და უპატივცემულო დამოკიდებულება უცხოელი მოქალაქეების მიმართ სრულიად დაუშვებელია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, როგორიცაა ყაზახეთი. ერი, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ისტორიული, კულტურული და ადამიანური ურთიერთობებით მტკიცედ არის დაკავშირებული საქართველოსთან. ყაზახეთი არ არის მხოლოდ მეგობარი ერი. ის არის საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები წლიდან წლამდე მტკიცდება და ღრმავდება. ყაზახეთის მოქალაქეების ტურისტული ნაკადი საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდია. ტურიზმი კი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით 7-8%-ს შეადგენს. 2006-2025 წლებში ყაზახეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაშთი საქართველოში 350 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და ქმნის მნიშვნელოვან წილს ეკონომიკაში. 2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა 6.5 მილიარდ დოლარს გასცდა, სადაც ყაზახეთში ექსპორტის წილმა 860 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 13%, რომლის 95%-ს ავტომანქანების ექსპორტი წარმოადგენდა.

ყოველი ზემოხსენებული ეკონომიკური პარამეტრი პირდაპირ კავშირშია ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასთან, ქვეყანაში შემოსვლის ხელშეწყობასთან და სტუმარ-მასპინძლობის სასიამოვნო გამოცდილებასთან. ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მომსახურების კერძო სუბიექტებსა და ბიზნესს, გამოიჩინონ თავაზიანობა და კეთილგანწყობა, ხოლო სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს — პროფესიონალური დამოკიდებულება, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, რათა არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, თავიდან იქნეს აცილებული ტურისტული თუ ეკონომიკური ბოიკოტის საფრთხე და ხელი შეეწყოს სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავებას.

ჩვენი მხრიდან კი, გაერთიანების და მისი წევრი მსხვილი კომპანიების სახელით, ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ სახელმწიფო სტრუქტურებთან აღნიშნული პრობლემის მოგვარებისა და ეფექტური მექანიზმების შემუშავების მიზნით.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება, როგორც არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წევრები არიან საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი კომპანიები: „ჰალიკ ბანკი საქართველო", „რომპეტროლ საქართველო", „ბათუმის ნავთობის ტერმინალი", „კაპიტოლ მენეჯმენტი" და სხვანი – გმობს ბოლო წლებში საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეებთან მიმართებით დაფიქსირებულ დამამცირებელ და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს. გაერთიანების მიზანია, ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რაც უპირველესად ეფუძნება ადამიანურ ურთიერთობებს, ურთიერთპატივისცემასა და ღია, პოზიტიურ თანამშრომლობას", - წერია განცხადებაში.