World Weather Attribution-ის კვლევის მიხედვით, მეცნიერთა გლობალური ჯგუფი, რომელიც ექსტრემალურ ამინდში კლიმატის ცვლილების როლს იკვლევს, ვარაუდობს, რომ უჩვეულოდ მაღალი სიცხე დედამიწაზე პერიოდულად განმეორდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირებული ტემპერატურა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა კლიმატის ცვლილების გავლენის გარეშე.

World Weather Attribution-ის თანახმად, სათბურის გაზების ზრდამ ევროპაში სიცხის ტალღა 2,5 გრადუსით გაზარდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. მან ასევე გაზარდა სიცხე ჩრდილოეთ ამერიკაში 2°C-ით, ხოლო ჩინეთში 1°C-ით.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, თუ სათბურის გამონაბოლქვი არ შემცირდება, ასეთი სითბური ტალღების ალბათობა გაიზრდება.

მათი შეფასებით, ექსტრემალური სიცხის ხანგრძლივი პერიოდები ყოველ ორ-ხუთ წელიწადში ერთხელ შეიძლება დაფიქსირდეს, თუ საშუალო გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონეს 2°C-ით გადააჭარბებს. მათი შეფასებით, საშუალო ტემპერატურა ახლა 1,1°C-ით არის გაზრდილი.

უჩვეულოდ მაღალი სიცხის გამო მსოფლიოში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ტყის მასშტაბურმა ხანძრებმა საბერძნეთის კუნძული როდოსი მოიცვა. კუნძულიდან უკვე 19 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ასევე, ხანძარი კიდევ ერთ პოპულარულ ტურისტულ კუნძულზე - კორფუზე გაჩნდა.

ტყის მასშტაბური ხანძრები დაფიქსირდა ალჟირშიც. ხანძრის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი ევაკუირებული იქნა.