მედიის მხარდამჭერი აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს.
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის გარდა, მედიის მიმართ ძალადობას დაგმეს გორშიც. მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები პოლიციასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმა პოლიციის შენობასთან სიმბოლურად დაალაგეს აპარატურა, რომლითაც სამუშაოს ასრულებენ და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი.
მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ კახეთშიც. ისინი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ძალადობას გმობენ.
მედიის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდშიც გაიმართა. მედიის წარმომადგენლები ზუგდიდის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და აქციის დროს დაშავებულ კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათ ხელში ეჭირათ დემონსტრაციებზე დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები. როგორც ისინი აცხადებენ, ჟურნალისტებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ყოვლად დაუშვებელია. შეკრებილებმა შესაბამის უწყებას მოუწოდეს, რომ დროულად დაიწყონ ძალადობის ფაქტების გამოძიება.
წყარო: ინტერპრესნიუსი