შავ ზღვაში დრონების თავდასხმებმა მიმდინარე წელს კომერციულ საზღვაო გადაზიდვებს უფრო დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა. ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ) შესაბამისი კომპანიებისა და ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

საზღვაო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-ისა და სხვა ორგანიზაციების მონაცემებით, წელს შავ ზღვაში 300-ზე მეტი თავდასხმა დაფიქსირდა. შედეგად, 30-ზე მეტი მეზღვაური დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.

თავდასხმების ფონზე რეგიონში საზღვაო მიმოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა. Global Fishing Watch-ის მონაცემებით, ოქტომბერში ბოსფორის გავლით შავ ზღვაში შესული გემების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით ნაკლები იყო, ხოლო ორივე მიმართულებით რეისების რაოდენობა 38%-ით შემცირდა.

შედარებისთვის, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე ჰორმუზის სრუტესა და რეგიონში დაახლოებით 130 თავდასხმა მოხდა, რასაც 25 მეზღვაური ემსხვერპლა.