დეპრესიაზე ადამიანები საკმაოდ ხშირად საუბრობენ და აქტიურად ეძებენ გზებს თავის დასაღწევად. კვლევა კი ამ უკანასკნელისთვის მეტად საინტერესო მეთოდს გვაცნობს, გვეუბნება, რომ მაკიაჟის ხშირად გაკეთება დეპრესიულ სიმპტომებს ამცირებს. ამიტომ, ახლა, მოდით, მაკიაჟის ფსიქოლოგიურ სარგებელზე ვისაუბროთ:

კონტროლის შეგრძნება

დეპრესია და შფოთვა ხშირად უიმედობის განცდის გამო გვემართება. ხოლო ისეთ სტრუქტურიზებულ რიტუალში ჩართვა, როგორიც მაკიაჟის კეთების რუტინა შეიძლება იყოს, სტაბილურობის განცდას ბადებს ქაოტურ ცხოვრებაში, — ამბობს სტეფანი ბუჩერი, ფსიქოთერაპევტი.

კლინიკური ფსიქოლოგი მიკკი ლი კი გვეუბნება, რომ მაკიაჟი პატარა, მაგრამ ხელშესახებ გზებს გვთავაზობს დღის მანძილზე კონტროლის მოსაპოვებლად.

თვითშეფასების გაზრდა

თავის მოვლის რუტინები გვიჩენს სურვილს, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ და თავსაც კარგად ვგრძნობდეთ. ხოლო, როცა ჩვენს სხეულსა და გონებას აქეთკენ მივმართავთ, ტვინისკენ ძლიერი გზავნილი მიემართება, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ. სანაცვლოდ კი, გაზრდილ თვითშეფასებას ვიღებთ.

შემოქმედებითი თვითგამოხატვა

ფსიქოლოგი ჯილიან ამოდიოს თქმით, შემოქმედებითობა ემოციების სიტყვების გარეშე გამოხატვის საშუალებას გვაძლევს. განსხვავებულ პროდუქტებზე, ფერებსა თუ მაკიაჟზე ექსპერიმენტების ჩატარება კი სახალისო გზაა ამ დროს ინტრუზიული აზრებისგან გასათავისუფლებლად.

გაუმჯობესებული სოციალური ინტერაქციები

მაკიაჟის რუტინა ინტერაქციებსაც ნაკლებად საშიშს და მეტად სახალისოს ხდის. ამოდიოს თუ დავუჯერებთ, სხვებთან დაკავშირების საშუალებასაც გაძლევთ, მაგალითად, საუბრების წამოწყებით მაკიაჟის ტრენდებზე, მიუხედავად დეპრესიის თანმხლები სოციალური შფოთვისა…

განწყობის გაუმჯობესება

ისიც უნდა ითქვას, რომ დეპრესიის დროს მეტად კრიტიკულები ვართ საკუთარი თავის, სამყაროსა და მომავლის მიმართ. მაკიაჟის რუტინა კი ქცევითი თერაპიის მსგავსია, რომელიც განწყობას გიუმჯობესებთ რაღაც სასიამოვნოს კეთებით, რაც უკვე პროცესში გამოყოფილი დოფამინის ბრალია. 

როგორ ვაქციოთ მაკიაჟი დეპრესიასთან ბრძოლის იარაღად?

ამისთვის ექსპერტები 4 გზას გვთავაზობენ:

  • დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით: აიღეთ ნებისმიერი მაკიაჟის პროდუქტი და დადეთ ისეთ ადგილზე, რომ თვალში ხშირად მოგხვდეთ — ეს მისი გამოყენებისკენ გიბიძგებთ. 
  • გაამარტივეთ: რაც შეიძლება გაამარტივეთ რუტინა და ფოკუსირდით გამოცდილებაზე მთლიანობაში, შემდეგ კი დააკვირდით, როგორ გრძნობდით მანამდე თავს და შემდეგ, როგორი სუნი ჰქონდა პროდუქტებს და როგორ გაგრძნობინებდათ თავს. 
  • ჩამოიყალიბეთ ახალი ჩვევა: მაგალითად შეგიძლიათ, მაკიაჟი ყოველთვის კბილების გახეხვის შემდეგ გაიკეთოთ.
  • აქციეთ პროცესი სასიამოვნოდ: ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ მაკიაჟის რუტინა პოზიტიურ აფირმაციებს უნდა დავუკავშიროთ, ამ დროს რაღაც ჩვენთვის საინტერესო უნდა ვაკეთოთ, თუნდაც მოვუსმინოთ პოდკასტს, რაც პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. 

გამოდის, განწყობისა და თვითშეფასების გაზრდა მაკიაჟითაც შეიძლება, რითაც იგი ღირებულ ხელსაწყოდ გვევლინება დეპრესიასთან გასამკლავებლად…

წყარო: marketer.ge