მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულება გაიზარდა, საქართველოში მომდევნო 1.5-2 თვე პურის ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე სექტორში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 53 ლარის ფარგლებშია და საკმაოდ შორს არის ზღვართან - 62 ლართან, რომელიც პურპროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.

„ზოგადად, რაც არ უნდა ომები იყოს, მსოფლიო მაინც სხვანაირად უყურებს სურსათს, სურსათის ლოგისტიკას. კონფლიქტების დროს ყოველთვის არის ქვეყნებს შორის იმის მისწრაფება, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არსებობდეს. იმედია, კონფლიქტი მალე ამოიწურება, მთელი ლოგისტიკა გადალაგდება და ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, მაგრამ თუ კონფლიქტი გრძელვადიანი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ეს ლოგისტიკას გააძვირებს, რადგან კონფლიქტის ზონების გავლა დაზღვევის უფრო მაღალ მარჟას მოითხოვს. არსებობს სხვა გამოწვევებიც. ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა უკვე გამოიწვია. მართალია, ჩვენ რუსეთიდან მოგვაქვს ხორბალი, მაგრამ ტენდენცია ზოგადად მსოფლიოს ბაზარზე მოქმედებს, რადგან როცა ფასები მატულობს ლოგისტიკურად, შესაბამის ასახვას პოვებს და გადაცემის ეფექტი აქვს. სხვა მხრივ, ხორბლის შემოტანაზე პრობლემა არ გვაქვს“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

მისივე თქმით, ხორბლის გაძვირებაზე გავლენას ახდენს როგორც ნავთობის, ასევე, სასუქების ფასების მატება.

„ხორბლის დათესვისას გამოიყენება დიდი რაოდენობით ტექნიკა, რომელსაც დიზელი სჭირდება. ხარჯია აღების სამუშაოებიც. პლუს, არის სასუქების თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასუქებიც ძალიან სერიოზულად გაძვირდა იქიდან გამომდინარე, რომ ჰორმუზის სრუტით ხდება დიდი რაოდენობით მიწოდება. შესაბამისად, ეს კომპონენტები პროდუქციის თვითღირებულებაზე მოქმედებს. კიდევ ერთი საკითხია, რომ რადგან ეს ყველაფერი გაძვირდა, თავისთავად, ამ კულტურის დათესვის მომხიბვლელობა მცირდება. ანალიტიკოსები ამაზე უკვე საუბრობენ და მომდევნო წელი უკვე გამოწვევებით სავსე იქნება. ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები.

მოკლევადიან პერიოდში საქართველოში პურის ფასების მხრივ სტაბილურობის შენარჩუნება მოხერხდება, გარანტირებულად, შესაძლოა, 2 თვე. ისიც უნდა ვთქვათ, რომ პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 53 ლარის ფარგლებშია და საკმაოდ შორს არის ზღვართან - 62 ლართან, რომელიც გაძვირებას გამოიწვევს“, - აღნიშნავს ლევან სილაგავა.