საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები გაიზარდა როგორც მზა კერძებზე, ისე მათი მომზადებისთვის საჭირო პროდუქტების უმეტესობაზე.

თუ პირობითად ხინკლისა და ხაჭაპურის ინდექსს შევადგენთ და ყურადღებას მათი ძირითადი ინგრედიენტების ფასებზე გავამახვილებთ, ყველაზე მკვეთრი ზრდა ხახვზე, ძროხის ხორცსა და ხორცის ფარშზე მოდის.

ხინკლის „ინდექსი“

ხინკლის მომზადებისთვის საჭირო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ხახვი გაძვირდა — 35.15%-ით. ძროხის ხორცი 17.63%-ით, ძროხის ხორცის ფარში კი 15.52%-ით გაიზარდა. ღორის ხორცის ფასი 3.26%-ით, ფქვილის — 5.65%-ით, მარილის კი 0.46%-ით მოიმატა. ზეთი 7.68%-ით გაძვირდა. ამავე პერიოდში მწვანილი 5.26%-ით გაიაფდა.

ხაჭაპურის „ინდექსი“

ხაჭაპურის ძირითადი ინგრედიენტებიდან ფქვილი 5.65%-ით, იმერული ყველი კი 3.44%-ით გაძვირდა. ზეთის ფასი 7.68%-ით გაიზარდა, მარილის — 0.46%-ით. კარაქი კი 1.55%-ით გაიაფდა.

რამდენით გაძვირდა მზა კერძები?

საქსტატის მონაცემებით, რესტორნებში ხინკლის ფასი წლიურად 15.41%-ით, ხაჭაპურის კი 5.85%-ით გაიზარდა. ამასთან, ხაჭაპური საცხობებში 12.11%-ით გაძვირდა.

ასევე, რესტორანში სადილის ღირებულებამ 12.94%-ით მოიმატა, კაფეში ყავა 2.31%-ით გაძვირდა, ბარში ლუდი კი 6.45%-ით.

ცნობისთვის, თბილისში, ერთი ხინკლის ფასი დაახლოებით 1–3.25 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხაჭაპურის ღირებულება კი საცხობებსა და რესტორნებში მნიშვნელოვნად განსხვავდება. საცხობებში ხაჭაპურის ფასი, ზომისა და სახეობის მიხედვით, დაახლოებით 3–8 ლარია, რესტორნებში კი იმერული და აჭარული ხაჭაპური დაახლოებით 14–26 ლარი ღირს.

რაც ეხება ხაჭაპურის და ხინკლის „ინდექსებს“, ეს პირობითი ინდექსი ინგრედიენტების ფასების ცვლილებას აჯამებს და არა კერძის მომზადების ზუსტ თვითღირებულებას. ამის გამოსათვლელად საჭიროა თითოეული ინგრედიენტის რაოდენობისა და ფასის წილის გათვალისწინება. მზა კერძის ფასზე კი გავლენას სხვა ხარჯებიც ახდენს.

ცნობისთვის, ხაჭაპურის ინდექსს საქართველოში ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ითვლის. ეს არის ინფლაციის ერთგვარი ინდიკატორი, რომელიც იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების ფასებსა და გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯებს აერთიანებს. ISET-ის ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 8.05 ლარი იყო.  რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.3%-ით მეტი იყო.