კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობაზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს. შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის შემუშავების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს სახალხო დამცველმა მიმართა.
საკანონმდებლო წინადადების შემუშავების საფუძველი გახდა მოქალაქის განცხადება რომელიც ეხებოდა კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობასთან დაკავშირებით მუნიციპალური ორგანოების მხრიდან რეაგირებას და საცხოვრებელ სახლთან, შესაბამისი რეგულაციების დარღვევით, კერძო სასაფლაოს მოწყობის უარყოფით შედეგებს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
როგორც სახალხო დამცველი საკანონმდებლო წინადადებაშია ნათქვამი, მოხდა აღნიშნული საკითხის შესწავლა. არსებული კანონმდებლობის თანახმად საქართველოში სასაფლაოების მოწყობის, მოვლა-პატრონობის, ახალი სასაფლაოების გახსნისა და ლიკვიდაციის ზოგადი წესები განსაზღვრულია მუნიციპალიტეტთა საკრებულოს დადგენილებებით. სახალხო დამცველმა შეისწავლა სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ასეთი დადგენილება.
„მართალია ამგვარი დადგენილებები ადგენს, რომ ახალი, კერძო სასაფლაოს მოწყობა საჭიროებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებას (ქ. თბილისის შემთხვევაში - თბილისის მთავრობასთან შეთანხმებას) და ამასთან, გაწერს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კერძო სასაფლაო, თუმცა არც ამ დადგენილებებში და არც სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტში არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნათა დაუცველობის ან/და კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობასთან დაკავშირებული სამართლებრივი შედეგები.“- ნათქვამია საკანონმდებლო წინადადებაში.
საკანონმდებლო წინადადების დასკვნაში ნათქვამია, რომ კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის პირობებში ეფექტიანი ზედამხედველობის და რეაგირების მექანიზმების არარსებობა შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებას მოახდინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის პრევენცია და იწვევს ამ უფლებათა განგრძობად და შეუქცევად დარღვევას, რომელზედაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
„ფაქტობრივი გარემოებების, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, ევროსასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიმოხილვის შემდეგ, ნათელია, რომ კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის ფაქტთან დაკავშირებული სამართლებრივი რეაგირების მექანიზმის არარსებობა, არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზემოთ განხილულ (პირადი, ოჯახური ცხოვრებისა და საცხოვრისის პატივისცემის, ბავშვთა, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუვალობისა და საკუთრების) უფლებათა ჯეროვან განხორციელებასა და დაცვას, არამედ, ამგვარი რეალობა ხელყოფს უფლებათა დაცულ სფეროებს და საბოლოო ჯამში, უხეშად არღვევს კონსტიტუციისა და ევროკონვენციის მოთხოვნებს. კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის პირობებში ეფექტიანი ზედამხედველობის და რეაგირების მექანიზმების არარსებობა შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებას მოახდინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის პრევენცია და იწვევს ამ უფლებათა განგრძობად და შეუქცევად დარღვევას, რომელზედაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოგმართავთ წინადადებით: განიხილოთ წარმოდგენილი პრობლემის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საკითხი, რათა განისაზღვროს კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, ხოლო, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევის მოწყობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის (ჯარიმა, დემონტაჟი ან სხვ.) ზომები.“- აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.