ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში მეწყრულ ფერდობზე საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ჩატარება იგეგმება. აღნიშნულზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 160 975 ლარის გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.
მერია გამარტივებული შესყიდვის საჭიროებას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. მიწოდების ვადები 21 ივლისიდან 9 სექტემბრის პერიოდს მოიცავს. შესყიდვა ამჟამად განხილვის ეტაპზეა.
შესყიდვის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში აღნიშნულ სოფლებში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა დააზიანა საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლები და სავარგულები. ჯამში ევაკუირებულია 30-მდე ოჯახი.
„სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი სახლები, საგზაო ინფრასტრუქტურა, შესაძლოა მეწყრული პროცესები გაგრძელდეს და გამოიწვიოს ფატალური შედეგები. შეუძლებელია გზებზე სასწრაფო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარების მანქანების გადაადგილება, რის გამოც მოსახლეობა გამოხატავს უკმაყოფილებას და ყოველივე უარყოფითად აისახება მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაზე“, - აღნიშნულია შესყიდვის დოკუმენტაციაში.