მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლიდან სოსო ბერიკაშვილი დეკანის პოზიციიდან გაათავისუფლეს, უნივერსიტეტს ლექტორები ტოვებენ. ამ დრომდე, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს „კავკასიის მედია სკოლის“ ლექტორებმა:
- ნიკო ნერგაძე
„კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება", - წერს ნერგაძე.
- ლევან ბერძენიშვილი
„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
- ნინო რობაქიძე
„დღეს უნივერსიტეტის მიერ დაკავებული პოზიცია, რაც გამოიხატა უნივერსიტეტების ნაწილის მიერ გავრცელებული განცხადებით და ასევე, თანამშრომლის პოლიტიკური საფუძვლით სამსახურიდან გაშვებით, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რისიც მჯერა და რასაც ვასწავლიდი ჩემს სტუდენტებს", - წერს ნინო რობაქიძე.
- სალომე უგულავა
„კავკასიის უნივერსიტეტში პატარა მივედი. ვასწავლი უკვე 6 წელზე მეტია, როგორც მიწვეული ლექტორი. ყოველთვის მიმეჩქაროდა აუდიტორიაში იმიტომ, რომ საუკეთესო ბავშვები მხვდებოდნენ - სხარტები, ნათელი გონების და სწორი ღირებულებების. უნივერსიტეტი არის ადამიანები და არა შენობა. დაუშვებელია, დღეს ნათელ მხარეს არ იდგე. ამიტომ, ვწყვეტ თანამშრომლობას", - წერს უგულავა.
- დავით ქაშიაშვილი
„სტუდენტების პატივისცემითა და სიყვარულით, მიმდინარე სემესტრს დავხურავ. ადმინისტრაციის პოზიციისა და გადაწყვეტილებების გამო, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ვწყვეტ", - წერს ჟურნალისტი.
- დავით ჭუმბურიძე
„რა თქმა უნდა, ვერ დავრჩები უნივერსიტეტში, რომელშიც ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ავიწროებენ. ასევე სრულიად მიუღებელია უნივერსიტეტის პოზიცია სტუდენტურ პროტესტთან დაკავშირებით", - წასვლის შესახებ ინფორმაცია BMG-ს ჭუმბურიძემ თავად დაუდასტურა.
- რუსიკო კობახიძე
„მე, რუსიკო კობახიძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ვაცხადებ, რომ ვტოვებ უნივერსიტეტს მისი რექტორის პოზიციის გამო. ჩემი უძვირფასესი სტუდენტების მომავლის გამო", - წერს კობახიძე.
- ლიკა მერაბიშვილი
„დილიდან მივედი კავკასიაში, არც ერთი სტუდენტი იქ არ იყო, იმიტომ რომ არიან რუსთაველზე.. მეც დავიძარი.. გზაში გავიგე, რომ დოკუმენტს კავკასიამ მოაწერა ხელი.. მე დავტოვე კავკასიის უნივერსიტეტი, ეს იქნება ბოლო სემესტრი ჩემი", - წერს ის.
- გაგა თუთარაშვილი
„ჩემი 3 ჯგუფი, რომელსაც პოლიტიკის შესავალს ვასწავლი, აუცილებლად დაასრულებს ამ სემესტრს და მათ შუა გზაში არ მივატოვებ, მაგრამ ივნისის შემდეგ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს ვაცხადებ.
- ლევან მოსეშვილი
„ვემიჯნები უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიციას და ვტოვებ უნივერსიტეტს. ვერ ვიქნები მოღალატე ხელისუფლების პოზიციის გამტარებელი გუნდის ნაწილი", - წერს ის Facebook-ზე.
- დავით ბერძენიშვილი
„კავკასიის უნივერსიტეტში ვასწავლიდი საქართველოს ისტორიას და რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, თუმცა ახლა ეს რუსთაველზე იწერება, სადაც ისედაც დგანან ჩემი სტუდენტები. ეს ჩემთვისაც ბოლო სემესტრია", - ვკითხულობთ ბერძენიშვილის Facebook პოსტში.