კანონის და წესრიგის გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო 7 პოზიციით ჩამოქვეითდა. კანონისა და წესრიგის გლობალური ინდექსის (Global Law and Order 2022) გამოთლისას ამერიკული სოციოლოგიური კომპანია Gallup-ი პოლიციისადმი ნდობის დონეს, პირადი უსაფრთხოების განცდასა და ქვეყანაში ქურდობისა და ძარცვის რაოდენობას აფასებს.

ამ რეიტინგში საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებს უსწრებს და 86 ქულით 27-ე ადგილზეა. თუმცა, წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით უკან არის. Global Law and Order 2021-ის რეიტინგში საქართველო 88 ქულით მე-20 ადგილზე იყო. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2022-ის მონაცემებით, სომხეთი 44-ზე პოზიციაზეა (83 ქულა), 65 ადგილზეა რუსეთი და ყაზახეთი (77-77 ქულა), 69-ზე - თურქეთი (76 ქულა) და 83-ზე - უკრაინა (71 ქულა)

კანონის უზენაესობისადმი ნდობის ყველაზე მაღალი დონე სინგაპურშია (96 ქულა), შემდეგ მოდის ავტოკრატიული ქვეყანა ტაჯიკეთი (95 ქულა). ათეულშია - ნორვეგია, შვეიცარია, ინდონეზია, ეგვიპტე, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, ისლანდია და პორტუგალია.

რეიტინგის მიხედვით, სამართალდამცავებისადმი ყველაზე დაბალი ნდობა დაფიქსირდა ავღანეთში, რაც საკმაოდ პროგნოზირებადია ამ ქვეყანაში ძალადობის მაღალი დონის გათვალისწინებით. რეიტინგის ბოლო ადგილებზე არიან: გაბონი, ვენესუელა, კონგო, სიერა ლეონე, ზამბია, უგანდა, სამხრეთ აფრიკა და კამერუნი.