აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დანიასა და გრენლანდიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც, მისი თქმით, ვაშინგტონს გრენლანდიის უსაფრთხოებაზე „მუდმივ კონტროლს“ აძლევს.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა. მისი განცხადებით, აშშ „დაუყოვნებლივ დაიწყებს“ გრენლანდიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის განვითარების პროცესს.
„ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახდენილი ოცნება — უაღრესად მნიშვნელოვანი, ისტორიული და განსაკუთრებული მოვლენა“, — დაწერა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი დანიისა და გრენლანდიის მოსახლეობასთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კუნძულისთვის „ბრწყინვალე მომავალი“ შექმნას. „ჩვენ მას საიმედოდ დავიცავთ!“ — დასძინა ტრამპმა.
თავის მხრივ, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმების გაფორმება მომავალ კვირას, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, იგეგმება. დოკუმენტის ამოქმედებას კი დანიისა და გრენლანდიის შესაბამისი საპარლამენტო პროცედურების გავლა დასჭირდება.
The Washington Post წერს, რომ ფრედერიკსენის განცხადებით, შეთანხმების მიზანი არქტიკასა და ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაა. მისი თქმით, დოკუმენტი ასევე აღიარებს დანიის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე გრენლანდიელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას.
Reuters-ის ინფორმაციით, შეთანხმება აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაფართოებას ითვალისწინებს, თუმცა არ გულისხმობს გრენლანდიის აშშ-ის მიერ შეძენას ან კუნძულის დანიისგან გამოყოფას.
გრენლანდიას არქტიკაში მდებარეობის გამო მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ტრამპი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ კუნძული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს და ვაშინგტონს იქ უფრო ძლიერი სამხედრო და უსაფრთხოების პოზიციები სჭირდება.
ტრამპს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს გრენლანდია აშშ-ის შემადგენლობაში იხილოს და დანიას კუნძულის გაყიდვისკენ მოუწოდებდა. დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებები კი აცხადებდნენ, რომ გრენლანდია გასაყიდი არ არის.
ამ ეტაპზე შეთანხმების ტექსტი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.