საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მშობელმა, მაკა გოჩიაშვილმა განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან მედიკამენტ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით დადებითი შეფასებები მოისმინეს.
მისივე თქმით, მიუხედავადა ამისა, პროტესტს განაგრძობენ, ვინაიდან მეტი გარანტია სჭირდებათ, რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის.
„დღევანდელი შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯია, ჩვენმა ხმაურმა შედეგი გამოიღო. შეიცვალა სამინისტროს მესიჯები. დადებითი მოლოდინები არ გვქონდა, რადგან მათი მხრიდან მედიკამენტზე ნეგატიურ შეფასებებს ვისმენდით. ახლა მედიკამენტზე დადებითი შეფასება გვესმის. ამ ეტაპზე „ბიომარინთანაც“ წარმატებულია მათი კომუნიკაცია. ჩვენთან ერთად აღიარებენ, რომ ეს არის ერთადერთი, ეს არის ლიცენზირებული და ავტორიზებული მედიკამენტი ბავშვებისთვის. პროტესტს ვაგრძელებთ, ჩვენ გვჭირდება მეტი გარანტია, რომ პროცესები კურსს არ შეიცვლის. პროცესი ნამდვილად წინ დაიძრა თუნდაც იმით, რომ სამუშო ჯგუფში ვართ და ერთად მუშაობას განვაგრძობთ, თუმცა ვინაიდან გარანტიებს ვერ გვაძლევენ, ვაგრძელებთ პროტესტს“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.
მაკა გოჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არიან კონსტრუქციული დიალოგისთვის. მისივე განცხადებით, მშობლებთან შემდეგი შეხვედრა 5 მაისს გაიმართება.
„სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ ვიყოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში და ვიმუშაოთ ერთად. თამარ გაბუნიაც გვეთანხმება და ჩვენთან ერთად აღიარებს, რომ ეს არის ერთადერთი მედიკამენტი და ერთადერთი შანსი ბავშვებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მით უმეტეს, ბავშვები ელოდებიან. თამარ გაბუნიამ გაგვიზიარა, რომ მნიშვნელოვანია ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა. ასევე დავგეგმეთ სხვა წვრილმანი დეტალები“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც მაკა გოჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადებზე ვერ ისაუბრებს.
„გვეთანხმება, რომ მაისის ბოლომდე პროტოკოლი მზად იქნება, რამდენიმე დღეში დამტკიცდება, დიდი დრო არ სჭირდება. გვითხრა, რომ მწარმოებელთან აქვს კომუნიკაცია, მათგან პასუხიც მიიღო და შემდეგი კითხვით მიმართეს, რაზეც პასუხს ელოდებიან. მოვითხოვეთ იმ ქვეყნების სია, რომლებიც ამ მედიკამენტით სარგებლობენ და მივიღეთ ჩამონათვალი, როგორია ახალი გამოცდილება. ნეგატიური არაფერი უთქვამს, ანუ ეს შედეგები პოზიტიურია. „ვოსორიტიდის“ გარდა, ვისაუბრეთ რეაბილიტაციაზე, სტატუსის მინიჭებაზე. რა უნდა გაკეთდეს ამ ბავშვებისთვის, რომ ადაპტირდნენ გარემოში, სხვა საჭიროებები დაკმაყოფილდეს, იქნება ეს რეაბილიტაცია, მასაჟები, რაც ფიზიკური თუ მენტალური განვითარებისთვის არის საჭირო. ამ მიმართულებითაც ცალკე გეგმა დავსახეთ. ესეც ძალიან სასიხარულოა, რადგან აქამდე ჩვენს შვილებს ამით სარგებლობის საშუალება არ ჰქონდათ“, – განაცხადა მაკა გოჩიაშვილმა.