ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე საქართველოში ხორბლის შემოტანა კვლავაც სტაბილურად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, ლოგისტიკის მიმართულებით პირდაპირი პრობლემები ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან ჰორმუზის სრუტიდან ხორბალი ისეთი მიმართულებით გადის, სადაც პირდაპირი ესკალაცია არ არსებობს.
„გადაცემითი ეფექტი რა თქმა უნდა, აქვს იქიდან გამომდინარე, რომ თავისთავად, ეს მოქმედებს თავად ნავთობის ფასზე, ნავთობის ფასი კი ყველაფერში მონაწილეობს, მათ შორის, გადაზიდვებში. შესაბამისად, ლოგისტიკურ მიმართულებაში ეს შეიძლება აისახოს. პლუს, გააჩნია, სად, რომელ მხარეს გადაედება სამხედრო კონფლიქტი - თუ კონფლიქტი იმ მხარეში გაღვივდა, ირანმა რაკეტები იქით გაუშვა, სადაც ხორბლის მიწოდებები ხდება, თავისთავად ცხადია, იქ გადაზღვევის მექანიზმები უფრო სერიოზულად იმუშავებს. აქედან გამომდინარე, ეს ბაზარს რა თქმა უნდა, დაეტყობა. ბირჟებს, პრინციპში, უკვე დაეტყო კიდეც - ფასები აწეულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო შოკური ეფექტია. ჩვენს მიმართულებას თუ შევხედავთ, ჩვენ რუსეთიდან მოგვაქვს, სადაც ფასები კი მომატებულია, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მოლოდინის ეფექტია“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, მიმდინარე კონფლიქტმაც კიდევ ერთხელ ცხადად წარმოაჩინა, რომ პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის არსებობა ქვეყანაში უაღრესად მნიშვნელოვანია. პირველი რიგის ამოცანაა, ქვეყანას ხორბლის მარაგები ჰქონდეს და საქართველოში ეს მარაგები არსებობს კიდეც.
„თავად ირანიც რუსული ხორბლის მომხმარებლებში მე-3 ადგილზეა. თუ მოკლე ვადებში დამთავრდა ეს კონფლიქტი, თავისთავად ცხადია, სტაბილურობა აღდგება, მაგრამ თუ გაგრძელდა თვეების მანძილზე, ახალ მოსავალზე, რომლის აღებაც ივნისიდან იწყება, რუსეთს ჭარბი ხორბალი ექნება, რადგან ირანიც, საუდის არაბეთიც, ისრაელიც მისი მსხვილი მომხმარებელია. ამდენად, არ არის გამორიცხული, ფასის გარკვეული კორექტირება ვიხილოთ. აქ პრობლემა ის კი არ არის, როგორი ფასი იქნება მომყვან ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთში, პრობლემა არის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყიდულობენ, რადგან მათ ეს ტვირთი უნდა გადააზღვიონ, რაც ლოგისტიკის მხრივ ძალიან გააძვირებს. ამ მხრივ კი ჩვენ შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში ვიყოთ“, - ამბობს ლევან სილაგავა.