ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების გაძლიერებას, მათ სტრატეგიულ განვითარებასა და ახალგაზრდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფას, სახელმწიფო სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს.
მემორანდუმს ხელი ასევე მოაწერეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ციფრული მმართველობის სააგენტომ, დაცული ტერიტორიების სააგენტომ და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჯობავას განმარტებით, სააგენტოსთვის მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაქვს 9 ტექნოპარკი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ყოველწლიურად 100-მდე პროგრამა ხორციელდება ახალგაზრდებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში 100,000 - მდე ადამიანი იყო ჩვენს პროგრამებში ჩართული. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი ქალაქი მოვიცვათ და იმ პროგრამებით, რაც GITA-ს აქვს, კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს“ - განაცხადა თორნიკე ჯობავამ.
მხარეები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას. ასევე, ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თორნიკე ჯობავამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა, ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ დავით ნადირაშვილმა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა.
ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს