„ჩვენი კომპანია უკვე 15 წელზე მეტია, ITB Berlin-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენა ტურიზმის სფეროში, სადაც შეგიძლია წარადგინო როგორც შენი პროდუქტი და შეთავაზებები, ასევე მოახდინო შენი ქვეყნის დესტინაციის რეკლამირება“ - ამის შესახებ  ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელმა გვანცა რაზმაძემ განაცხადა.

როგორც რაზმაძემ აღნიშნა, გამოფენა როგორც კომპანიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმაა. მისი შეფასებით, ITB Berlin არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურების წარდგენისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების საერთაშორისო პოზიციონირების შესაძლებლობას იძლევა.

გვანცა რაზმაძის თქმით, ITB Berlin საშუალებას აძლევს ქართულ კომპანიებს განავითარონ პარტნიორული ურთიერთობები, საერთაშორისო საზოგადოებას გააცნონ ახალი ტურისტული პროდუქტები და საერთაშორისო ბაზრებისთვის  ერთობლივი ტურისტული პაკეტები  შეიმუშავონ.

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ასევე პროდუქტის პრომოუშენისთვის, არამხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ინტერესი მაღალია, მოლოდინები დადებითია, ვნახოთ, იმედია, ეს სეზონი კარგ შედეგებს მოიტანს“ - აცხადებს გვანცა რაზმაძე.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს