დღეს დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით ხუთ კონგრესმენს. ძირითადად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა ასევე სხვა კომიტეტის წევრებსაც შევხვდით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ასევე, შუა დერეფნის განვითარების საკითხს.

„ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ასევე, დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ზინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან. ძირითადი თემა ჩვენი საუბრების ისევ და ისევ იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ სხვადასხვა სპექტრი საკითხებისა, ძირითადად უსაფრთხოების საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს. ასევე, კონგრესმენებისგან მივიღეთ ინფორმაცია ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში.

შესაბამისად, ძალიან საინტერესო საუბრები და დიალოგები გვქონდა. ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, რომ ყურადღებით შეისწავლონ ხოლმე ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ, რადგან იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ზიანი არ მიადგეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

წყარო: პირველი არხი