გეოგრაფი მერაბ ალავერდაშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტში და საკრებულოებში საჭიროა შესაბამისი კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც იტყვის სად და როგორ უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურული საქმიანობა.
"მეგობრებო, მინდა სამძიმარი ვუთხრა გუშინ შოვში განვითარებულ სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და მთლად საქართველოს, სიმხნევე, გამძლეობა დაშავებულებს და მათ ოჯახებს. მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მომხდარ უბედურებას, იმიტომ, რომ ეს მეორე სტიქიაა მდინარე ვერეზე მომხდარ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ მთავრობის ზოგიერთი მესვეურნი, რომ ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტში და საკრებულოებში საჭიროა ერთი-ორი შესაბამისი კვალიფიცირებული სპეციალისტი, რომელიც იტყვის სად და როგორ უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურული საქმიანობა.ამ სპეციალისტების აღზრდას, კერძოდ კი ჰიდრომეტეოროლოგების, ემსახურებოდა თსუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ლაბორატორია, რომელიც დიდი ბრძოლის მიუხედავად რვა წელია არ აღმდგარა, საქმე კი კეთდება დიდი რისკის ფასად. დროა გამოფხიზლდნენ ასეთი საქმიანობის მოვალე მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგრამ ამის იმედი მაინც არ მაქვს. დ ა ფ ი ქ რ დ ი თ !", - წერს გეოგრაფი.


