ბოლო წლებში, ქვეყანაში ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალური პაკეტების რაოდენობა მცირე ტემპით იზრდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს ზრდის ტემპმა მოიმატა.
კერძოდ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ასეთი პაკეტების რაოდენობამ 68 136 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13 131-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წელი 2022 წელთან შედარებით ამ სეგმენტში 6500-იანი მატებით აღინიშნა. დაახლოებით იგივე იყო ზრდა 2022 წელსაც 2021 წელთან შედარებით.
ინდივიდუალური პოლისის თავისებურება და ნაკლი ისაა, რომ სადაზღვევო კომპანია უნდა დარწმუნდეს, რომ მოქალაქე ამ პროდუქტს უკვე დამდგარი დიაგნოზის სამკურნალოს არ ყიდულობს და მკურნალობის შემდეგ უარს არ იტყვის ხელშეკრულების გაგრძელებაზე. გარდა ამისა, პოლისის გაყიდვამდე კომპანია დაზღვევის მსურველის ანკეტირებას ახდენს ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების არსებობასთან დაკავშირებით. ამ თავისებურებების გათვალისწინებით, პოლისს აქვს მოცდის საკმაოდ დიდი ვადა, რაც მას მიმზიდველს არ ხდის.
თუმცა მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომელსაც გარკვეული შემოსავალი გააჩნია, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო, არ აქვს კორპორატიული დაზღვევა, საყოველთაო დაზღვევის მწირ პაკეტს ინდივიდუალური დაზღვევის შეძენას ამჯობინებს.
ამასთან, კომპანიებმა ბოლო პერიოდში დანერგეს პრაქტიკა, როცა დაზღვევის გაგრძელებას არსებული პირობებით სთავაზობენ იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მათთან კორპორატიული დაზღვევის გარკვეული გამოცდილება აქვთ და სამსახური დაკარგეს ან შეიცვალეს, თუმცა არსებული პაკეტის შენარჩუნება სურთ.
ისინი ასეთ კლიენტებს სთავაზობენ ინდივიდუალური დაზღვევის შეძენას უცვლელი პირობებით. ამ შეთავაზებით სარგებლობ მომხმარებელს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ინდივიდუალური პაკეტის შეძენის გადაწყვეტილებას მომხმარებელი კორპორატიული დაზღვევის დაკარგვიდან ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.