გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ჯარისკაცებს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მივესალმები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მთელს შემადგენლობას, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს! გილოცავთ დღევანდელ დღეს - საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავს.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როდესაც დიდი სიამაყით წარმოვაჩენთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გპირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის.
ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს