"გენერატორი ჩაურთავთ, გარეთ არ გაუდგამთ თურმე, კარებიც დაუხურავს ვიღაცას", - ამის შესახებ "პრაიმტაიმთან" იმ რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი ყვება, რომლის 12 თანამშრომელიც დღეს გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუდაურში მოხდა.
"არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, ახლა ექსპერტიზა ტარდება. მთელი ჩვენი სტაფია დაღუპული. მათ შორის ჩემი მაზლიცაა. ეჭვობენ, რომ გენერატორის ბრალია. შუქი არ იყო და გენერატორი ჩართეს. იცით თბილისშიც რა ამინდი იყო გუშინ. გენერატორი ჩაურთავთ, გარეთ არ გაუდგამთ თურმე, კარებიც დაუხურია ვიღაცას. არადა კარი სულ ღია იყო ხოლმე, როცა გენერატორს რთავდნენ. ეტყობა ძალიან, რომ ციოდა ეს კარიც დაკეტეს და გაიგუდნენ. ჩვენც ახლა დაკითხვაზე ვარ. დილით ჩვენმა ტაქსის მძღოლმა, პროდუქტები ჩამოიტანა თბილისიდან და მან ნახა ცხედრები", - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი მფლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუდაურში მდებარე ინდური რესტორნის საძინებელ სივრცეში, ნანახი იქნა, სავარაუდოდ, ამავე ობიექტში დასაქმებული 12 ადამიანის ცხედარი. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. შემთხვევასთან დაკავშირება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყეს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საძინებელი ოთახების სიახლოვეს, შიდა, დახურულ სივრცეში განთავსებული იყო გენერატორი, რომელიც გუშინ, სავარაუდოდ მას შემდეგ ჩართეს, რაც ობიექტს დენის მიწოდება შეუწყდა.