საქართველოში, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლებმა, 2025 წლის აპრილის თვეში, კახეთის რეგიონში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და დაცვის მექანიზმები. ასევე კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო ქეისები. შეხვედრები აქტიურ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.
საგანმანათლებლო სექტორთან შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.