გაზის გამათბობლების შემოწმების მიზნით, კომპანიები წელიწადში ერთხელ მომხმარებლებს გადაამოწმებენ. აქტიური სამუშაოები უკვე დაწყებულია და როგორც ირკვევა, უკვე ასი ათასობით აბონენტია გადამოწმებული, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ეს ვითარებას დიდად ვერ გამოასწორებს.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზზე დაკვირვება და მისი შემოწმება ნომერ პირველი ამოცანაა. უბედური შემთხვევბის თავიდან აცილების მიზნით უსაფრთხოების წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ როგორც ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა, გაზის გამათბობლების შემოწმების მიზნით, კომპანიები ყოველ წელიწადში ერთხელ გადაამოწმებენ მომხმარებლებს.
"ზამთრის სეზონი ყოველთვის გამათბობელი სისტემების ჩართვას უკავშირდება. ამას ემატება ისიც, რომ ამ დანადგარების გამოყენება დახურულ სივრცეში გვიწევს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქსელის და ქსელზე არსებული დანადგარების სწორად გამოყენება.
მინდა, განმარტება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში კომისიამ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მიწოდებისა და მოხმარების წესებში მნიშვნელოვანი მუხლი შეიტანა, კომპანიის წარმომადგენლებს წელიწადში ერთხელ მომხმარებლების გადამოწმება დაევალათ.
ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის წარმომადგენელი მომხმარებელს შეტყობინებას უგზავნის, რომ მასთან კონკრეტულ დღეს ვიზიტი განხორციელდება. ამ დღეს კომპანიის წარმომადგენელი ნახულობს, თუ რა ვითარებაა ამა თუ იმ აბონენტთან. დაახლოებით 2 კვირის წინ ამ კუთხით აქტიური მუშაობა დავიწყეთ. ყველა კომპანიას მოვთხოვეთ, რა სტადიაზე აქვთ შესრულებული სამუშაოები, სტატისტიკა გამოვითხოვეთ გაზრდილია, თუ არა პრობლემები, რამდენ მომხმარებელთან მოხდა დანადგარების ჩახსნა, სისტემური პრობლემა რამდენთან აღმოაჩინეს და ა.შ”, - განაცხადა ნინო გელეიშვილმა და დასძინა, რომ შემოწმებისას დარღვევები აღმოჩნდა.
"თბილისი ენერჯის” მაგალითზე რომ გითხრათ, დღეის მდგომარეობით, 191 000 აბონენტი ჰყავთ გადამოწმებული, დაახლოებით 2 400 აბონენტთან დარღვევა აღმოჩნდა. კომპანიის წარმომადგენელი ხსნის რომელიმე დანადგარს იმიტომ, რომ ის არასწორად დამონტაჟებულია ან არ შეესაბამება დამონტაჟებისა და მოწყობის სტანდარტებს. ასეთი შემთხვევა დაახლოებით 2 100 აბონენტთან დაფიქსირდა. თუ დანადგარი, ან ქსელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ კომპანიის წარმომადგენელი ჩახსნას ვერ ახერხებს, მას მიწოდებას საერთოდ უწყვეტს, ასეთი შემთხვევა თბილისში, 144 აბონენტთან იყო. წინა წლებთან შედარებით თითქმის იგივე მაჩვენებელია, უბრალოდ მინდა, აღვნიშნო მომხმარებლების დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული დანადგარების შეცვლა უნდა მოახდინონ, მეტად გაზრდილია. ამ კუთხით ნდობაა.
თუმცა, ხშირად მომხმარებლისაც მესმის, როდესაც კომპანია რომელიმე დანადგარის ჩახსნას ან ქსელის გადაკეთებას ითხოვს, ეს მათთვის ძალიან რთულად მისაღებია, ყოველთვის გარკვეულ სახსრებთანაა დაკავშირებული. ჩვენთანაც მოდიან კონსულტაციაზე, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებით, რომ საქმე უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ეხება და ასეთ შემთხვევაში ყველა რეკომენდაცია, რომელიც კომპანიის მხრიდანაა გაცემული, აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს,” - განაცხადა ნინო გულეიშვილმა.
წინა წლებთან შედარებით შარშანდელი მონაცემები გაუმჯობესებულია და 2023 წელს გარდაცვალებისა და ინტოქსიკაციის შემთხვევები მინიმუმამდე დავიდა. წლის განმავლობაში გარდაცვლილია 1 და მოწამლულია 13 ადამიანი მაშინ, როდესაც, მაგალითად, 2019 წელს გარდაიცვალა 28 ადამიანი, ხოლო 140 ადამიანი მოიწამლა.
რეკომენდაციებზე ისაუბრა დარგის სპეციალიტმა სოსო სიმონიშვილმა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების ნორმები ძალიან მოსუსტებულია, ცუდად არის დაცული.
"გაზის მეურნეობაში უსაფრთხოების წესების წიგნი არსებობდა, რასაც ეძახდნენ თანამშრომლების წითელ წიგნს. ეს წესები საერთაშორისო იყო და მსოფლიოში დღესაც მოქმედებს, მაგრამ ჩვენთან აღარ არის. გაზი რისკიანი თბომატარებელია და შესაძლოა, აალდეს და აფეთქდეს, ამიტომ იმ წიგნში ძალიან დეტალურად და ზუსტად იყო ყველაფერი გაწერილი. ახლა ამიტომაც ხდება, რომ ვერ ვახარხებთ ზამთრის სეზონისთვის სწორად მომზადებას.
ყველაფერი სააკაშვილის დროს შეიცვალა, 2006-07 წლებში. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ მან მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესს. კერძო სექტორი ერთია, ფულის კეთებაა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ფულზე უფრო ძვირფასია. ამიტომ არ შეიძლება, რომ ბიზნესს ყველა ვალდებულება მოეხსნას და ფულის მოგების მიხნით, ხალხის სიცოცხლეს შეუქმნა საფრთხე.
გაზის თანამშრომელი არ მიდის ყველა იმ წერტილისა და კვანძების დასათვალიერებლად, რაც აუცილებელია და რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს. მხოლოდ ეს არა, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ გათბობის პერიოდში ხშირია აფეთქებები.
გაზის სფეროში უსაფრთხოების ნორმები ძალიან მოსუსტებულია, ცუდად არის დაცული. სპეცილისტები სჭირდება ამას. ძველი ნორმებით, სადაც გაზის ქურა დგას, იქ აუცილებლად უნდა იყოს პატარა სარკმელი, ანუ მუდმივად უნდა ნიავდებოდეს. არ შეიძლება, რომ სამზარეულოს არ ჰქოდეს სარკმელი. განიავება თუ არ აქვს ოთახს არ შეიძლება, რომ იქ თუნდაც გაზის ქურა ენთოს, რომლზეც სადილი მზადდება. მეტალოპლასტმასის ფანჯრები, სარკმლის გარეშე უფრო იაფი ჯდება, ამიტომ არ უკეთებენ. თან ასეთი ფანჯრები ჰერმეტულია. გამოდის, რომ ბინა არის ჰერმეტულად დახურული და როგორც ადამიანს სჭირდება ჟანგბადი, ისე ცეცხლიც "სუნთქავს" ჟანგბადით.
მოსახლოებამ უნდა იცოდეს, რომ გაზქურის ანთების დროს, თუ გაზის ალი არ არის ცისფერი და სიწითლისკენ მიდის, ესე იგი სახლში ჟანგბადის დიდი ნაკლებოდაა. ადამიანი თავსაც შეატყობს, თავბრუ დაეხვევა, თავი ასტკივდება, ამიტომ ასეთ დროს, სასწრაფოდ უნდა განიავდეს სახლი. ვენტილაცია არის აუცილებელი, ამას კი არავინ არ აქცევს ყურადღებას, ამიტომ არის, რომ ფეთქდება.
კომპანიებს გადამოწმების ვალდებულება აქვთ, მაგრამ არ ვიცი რეალურად როგორ ამოწმებენ. ეს წესით უნდა მოხდეს გათბობის სეზონის დაწყებამდე, ახლა უნდა კეთდებოდეს, ან უკვე გაკეთებული უნდა იყოს, რადგან წელს მოულოდნელად აცივდა და ყველამ ერთბაშად ჩართო გათბობა. საკვამურებიც უნდა შემოწმდეს, არის თუ არა გაწმენილი. ასევე, არის თუ არა ბინებში ვენტილაცია. ამაზე ოქმები უნდა დაიწეროს, ერთი შემოწმება არ შველის. რაღაც უბედურება რომ ხდება, შემდეგ დამნაშავის ძებნა იწყება და ვერავის პოულობენ, რადგან არავითარი საბუთი არ არის შედგენილი”, - განუცხადა "რეზონანსს” სოსო სიმონიშვილმა.
სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი სიმონ ბარამიძე მიიჩნევს, რომ კომპანიებმა შემოწმებ მაღალ დონეზე უნდა იყოს ჩაატარონ, რადგან ქვეყანაში ამ მხრივ რთული ვითარებაა.
"მაღლივი შენობები ყველა არის სიბინძურის წყარო. გაზის გამათბობლისგან გამოსტყორცნილი ნამწვი აირები აბინძურებს გარემოს. მეზობელი წამლავს მეზობელს, ამიტომ უნდა გაკეთდეს კოლექტიური საკვამლე მილი, რომ თავიდან ავიცილოთ და ნამწვი წავიდეს ზემოთ.
ის, რომ გაზგასამართი სადგურები დგას მოსახლეობის ქსელზე, გაუმართლებელია, რადგან ბუნებრივ აირს არ უკეთდება ოდორანტი. სანამ გაზგასამართი სადგურები არ გადავა ცალკე გაზის ქსელზე, მანამდე საშიშროება ყოველთვის იქნება.
რაც შეეხება კომპანიების მხრიდან მომხმარებლების ყოველწლიურად გადამოწმებას, ეს არაფერს შეცვლის, თუ გაზს არ დაუმატებენ ოდორანტს. საერთოდ, გაზი უსუნოა, სანამ მას ოდორანტი არ შეერევა. ვიღაცას ჰგონია, რომ ელექტოდამცველების დაყენებით უსაფრთხოება ბოლომდე იქნება დაცული, რაღაც მომენტში ასეა, მაგრამ მოსახლეობა როგორ თავად როგორ გადაამოწმებს ყველაფერს?
რასაკვირველია, შემოწმებაზე უნდა იარონ. გაზი შეცდომას არ აპატიებს ადამიანს, ამიტომ ეს მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს. თუ გაზში ოდარანტი არ არის გარეული, მას სუნი არ აქვს და ასეთ შემთხვევაში გაჟონვა არ იგრძნობა”, - განუცხადა "რეზონანსს” აკადემიკოსმა სიმონ ბარამიძემ.