განათლების სფეროში ცვლილებების განხორციელება ღირებულებების კუთხითაც მნიშვნელოვანია, ეს ეხება არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებას, ეს ეხება სკოლებსაც, პირველ რიგში სკოლის ასაკში იყალიბებს ბავშვი ღირებულებებს და ამიტომ სკოლას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცოტა ხანში მთავრობა ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.
„მანამდე წარვადგინეთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია, ახლა საუბარია უკვე ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაზე, სადაც ბევრი რამ არის გადასახედი, ეროვნული სასწავლო გეგმა, პროგრამა, სახელმძღვანელოები. ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა იქნება წარმოდგენილი და აქ ღირებულებით ნაწილშიც გვჭირდება თვისებრივი ცვლილებები, რომ ჩვენ ღირებულებებისგან დაცლილი მომავალი თაობა არ მივიღოთ და ღირებულებები გავუზიაროთ ცოდნასთან ერთად ბავშვებს და სკოლის მოსწავლეებს. იგივე ეხება უმაღლეს განათლებასაც. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორ ღირებულებებს ეფუძნებოდეს ის ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ ახალგაზრდებს. ზოგადად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს