თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება - ეს არ არის შერწყმა კლასიკური გაგებით, ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის დიდწილად გაქრობა და დარჩენილის მიერთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რაც ორივეს აზიანებს. უფრო მეტიც, ეს დამაზიანებელია მთელი ქვეყნისთვის, - აცხადებს განათლების ადმინისტრირების მაგისტრი გრიშა ლაბაძე.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გრიშა ლაბაძე აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება პოლიტიკური, ფინანსური და სტრუქტურული გადაწყვეტილებაა და ძალიან მცირე კუთხით ეხება განათლების სფეროს. მისი თქმით, გადაწყვეტილება არ არის წამოსული განათლების სფეროს წიაღიდან.
„როცა საუბარია ავტონომიურობასა და აკადემიურ თავისუფლებაზე, ეს შელახულია ჩანასახშივე, რადგან გადაწყვეტილება არ მიუღიათ უნივერსიტეტებს, მათ ეს ამბავი პოსტფაქტუმ აცნობეს. ეს არის მთლიანად უნივერსიტეტების იდენტობის უგულებელყოფა. საუკუნის მანძილზე ორივე უნივერსიტეტში ჩამოყალიბებული ტრადიციები, ინსტიტუციები უბრალოდ, ხელყოფილია“, - ამბობს გრიშა ლაბაძე.
გრიშა ლაბაძე ეხმიანება არგუმენტად დასახელებულ ფინეთის, კერძოდ, ალტოს უნივერსიტეტის მაგალითს, როცა სამი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანება მოხდა. ლაბაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფინეთის შემთხვევაში სამი პროფილური უნივერსიტეტი გაერთიანდა, რასაც წინ უძღოდა ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ყველა სუბიექტი და გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული პოსტფაქტუმ, როგორც ეს საქართველოში მოხდა. პლუს ამას, იმის გამო, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა გარანტირებულად ხელშეუხებელი ყოფილიყო, ალტოს უნივერსიტეტს გადაეცა სახელმწიფო კომპანიებში წილები, ანუ სახელმწიფომ ის შემოსავლის წყაროთი უზრუნველყო. პლუს ამას, შეიქმნა ფონდი, სადაც სახელმწიფომ ნახევარი მილიარდი ევრო შეიტანა, კერძო სტრუქტურებმა - 200 მილიონი ევრო. ამხელა მხარდაჭერის პარალელურად, მოხდა უნივერსიტეტისთვის ინფრასტრუქტურის გადაცემაც, ანუ სახელმწიფომ ფინანსურად დამოუკიდებელი გახადა უნივერსიტეტი, რომელიც სამი პროფილური უნივერსიტეტის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა.
„ჩვენს შემთხვევაში, ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის დიდწილად გაქრობა და დარჩენილის მიერთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. შედეგად ვიღებთ უნივერსიტეტს, რომელიც ხდება გარკვეულწილად მონოპოლისტი და სტუდენტების დაახლოებით 80% ამ უნივერსიტეტში იქნება კონცენტრირებული, რაც დადებითი შედეგების მომტანი ვერაფრით იქნება“, - აცხადებს გრიშა ლაბაძე.