ეროვნული კინოცენტრი იწყებს საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას „ოსკარის“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი მიიღებს 2023 წლის 12 აგვისტოდან 2023 წლის პირველი სექტემბრის 18:00 საათამდე. წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2023 წლის სექტემბრის თვეში. განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ·
2022 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში; ·
უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი); ·
შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში მცხოვრები პირები.
დეტალური ინფორმაცია შესარჩევი ფილმის კრიტერიუმების შესახებ შეგიძლიათ იხ. შემდეგ ბმულზე: https://www.oscars.org/.../files/96o_complete_rules.pdf
წარსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:·
განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომლითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად; ·
ფილმის 1 ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და 1 ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში; ·
წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს; ·
ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში;გთხოვთ, გაითვალისწინოთ: იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2023 წლის 31 ოქტომბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე (კინოთეატრში).