ექსპო ჯორჯიას აქტივების მფლობელი კომპანიის დირექტორი CityZen-ის დირექტორი (City Development) გიორგი მაჭავარიანი გახდა. რაც შეეხება კომპანია „ექსპო ჯორჯიას“ ( „ექსპო ჯორჯია მენეჯმენტი 1958“), რომელიც საგამოფენო სივრცის მართვას და მენეჯმენტს ახორციელებს, მისი დირექტორი კვლავ რესან ქიქავაა.
„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორია, თბილისის ცენტრში დეველოპერების მიერ ჯერ კიდევ ყველაზე აუთვისებელ სივრცეს წარმოადგენს. ამ დროისთვის ტერიტორიაზე განლაგებულია და მოქმედებს თერთმეტი საგამოფენო პავილიონი, საერთო ფართობით 7410 კვ.მ, ხოლო 29 199 კვ.მ ღია გამწვანებული ტერიტორია.
თუმცა, როგორც „კომერსანტი“ წყაროზე დაყრდნობით რამდენიმე თვის წინ წერდა, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე დეველოპერული პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელსაც ბიზნესმენი მინდია საბანაძე განახორციელებს. ბიზნესმენს საქართველოში საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნესები აქვს, უძრავი ქონების კომპანიებთან ერთად განათლების, ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებით.
„კომერსანტის“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს განცხადება გაავრცელა „სითი ექსპომაც“ - „ამ პერიოდისთვის ექსპო ჯორჯიას ტერიტორიის ახალ ურბანულ განვითარებაზე გადაწყვეტილება არ არსებობს. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს პროექტის მოკვლევა. თუმცა აქვე ძალიან მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, არცერთ ეტაპზე, არ განიხილება ექსპო ჯორჯიის ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონისა თუ საგამოფენო სივრცეების ხელყოფა, მეტიც, მოხდება ახალი ხე-მცენარეების დარგვა, სარეკრეაციო ზონის მეტად კომფორტულად მოწყობა საზოგადოებისთვის და საგამოფენო სივრცეების კიდევ უფრო განვითარება“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.
ცნობისთვის, წერეთლის საგამოფენო ცენტრის ისტორია, 67 წლის წინ, 1958 წელს დაიწყო. საბჭოთა კავშირმა 10 წელიწადში ააშენა საგამოფენო დარბაზები ინდუსტრიული გამოფენის მოსაწყობად.