რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა თავისი რეზერვებიდან ფიზიკური ოქროს რეალური გაყიდვები პირველად დაიწყო, რაც ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ოპერაციის ფარგლებში ხდება.
ინფორმაციას „ინტერფაქსი“ მარეგულირებლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ცენტრალურმა ბანკმა ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ოქროს ტრანზაქციების „ასახვა“ დაიწყო, რასაც მთავრობა ახორციელებს. საქმე ეხება ოქროს გაყიდვებს ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ბოლო წლებში ახორციელებდა. ამ დრომდე ეს ტრანზაქციები ვირტუალური იყო, ანუ მთავრობა ძვირფას ლითონს ბაზარზე კი არა, არამედ ცენტრალურ ბანკზე ყიდდა და ოქროს რეზერვი, ფაქტობრივად, „ჯიბიდან ჯიბეში“ გადაჰქონდა. შედეგად, ზოდები ქვეყნის ოქროს რეზერვის ნაწილად რჩებოდა, რომელიც 2300 ტონას აღემატება და მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა.
თუმცა ამჟამად სიტუაცია შეიცვალა და ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური ოქროს რეალური გაყიდვები დაიწყო, როგორც ეს ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ჩინური იუანის შემთხვევაში ხდება.
„ვინაიდან ბოლო წლებში ოქროს შიდა ბაზრის ლიკვიდურობა გაიზარდა, საბიუჯეტო წესისა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სხვა ოპერაციების შესაბამისად რუსეთის ბანკი ამ ეკვივალენტურ ტრანზაქციებს შიდა ბაზარზე არა მხოლოდ იუანის რუბლებში ყიდვა-გაყიდვით, არამედ ნაწილობრივ ოქროს ყიდვა-გაყიდვითაც ახორციელებს,“ - განმარტავს ცენტრალური ბანკი.
მარეგულირებელი არ აკონკრეტებს, თუ ზუსტად როდის ან რა მოცულობით დაიწყო ოქროს გაყიდვები.
უკრაინის ომამდე კეთილდღეობის ფონდს 405.7 ტონა ოქრო ჰქონდა დაგროვილი. თუმცა მას შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ ამ რეზერვის 57%, ანუ 232.6 ტონა ბიუჯეტში არსებული ხვრელების შესავსებად გაყიდა. შედეგად, ფონდის ოქროს მარაგი მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით 173.1 ტონამდე შემცირდა. ეროვნული კეთილდღეობის ფონდის მთლიანი ლიკვიდური აქტივები, რომელიც, ოქროს გარდა, ჩინურ იუანსაც მოიცავს, 55%-ით, ანუ 113.5 მილიარდიდან 51.6 მლრდ დოლარამდე შემცირდა. მშპ-სთან მიმართებაში ფონდის გამოუყენებელი რეზერვები ოთხჯერ შემცირდა და ომამდელი მშპ-ის 7.3%-დან მშპ-ის 1.9%-მდე დაეცა.
ექსპერტების შეფასებით, „სარკისებური“ ოპერაციების მეშვეობით, რომლებიც ახლა უკვე ოქროთიც ხორციელდება, ცენტრალურ ბანკს რუბლის გაცვლითი კურსის გასაკონტროლებლად უცხოური ვალუტა შეჰყავს ბაზარზე. ასეთი ოპერაციების მოცულობა, რომლებიც ადრე ჩინური იუანით სრულდებოდა, წელს, დაახლოებით, 30 მლრდ დოლარს, ხოლო მომავალ წელს 15 მლრდ დოლარს მიაღწევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ