ექიმი გიორგი პაპიაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მის კოლეგა, ექიმ, კახა ეცადაშვილზე, საუბრობს და ამბობს, რომ ეცადაშვილი არის ნაცემი და იზოლატორშია გადაყვანილი.

"ჩემი უახლოესი მეგობარი, კოლეგა, კახა ეცადაშვილი ნაცემია და გადაყვანილია იზოლატორში. ის მშვიდობიან აქციაზე იდგა და საქართველოს ჰიმნს მღეროდა თავის მეუღლესთან ერთად, რა დროსაც ეცნენ, იძალადეს მასზე და გაიტაცეს.

ადამიანი რომელიც არის ექიმი და უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და ასევე უამრავი პაციენტი ელოდება ახლა იმედით, ადამიანი რომლის მსგავსი პატიოსანი, წესიერი, სამშობლოს მოყვარული ბევრი არ ვიცი. ადამიანი რომელიც არის სოხუმიდან დევნილი და რომლის გული ახლა იქ არის, ადამიანი რომელიც არასოდეს ეგუებოდა არ შეეგუება საქართველოს გარუსებას.

მე კახას ვუცხადებ სოლიდარობას კახას, მის მეუღლეს და სამ შვილს და მოვითხოვ დაუყოვნებლივ იქნეს კახა განთავისუფლებული," - ამბობს ექიმი გიორგი პაპიაშვილი.

შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი.

მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: იუსტიციის სახლისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ათეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა.

ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.