გუშინ ხელისუფლებამ 100, 150 ან 200 ათასი ადამიანი გამოიყვანა თბილისის ქუჩებში. ეს არის ხალხი, ვინც ყველა დროში გამოჰყავდა გარეთ ყველა ხელისუფლებას და მომავალშიც გამოიყვანს, სანამ ამ ხალხს ქუჩაში დგომის ფიზიკური ძალა და უნარი არ დაელევა. ფაქტია, რომ ამ ხალხის რიცხვი ყოლწლიურად შემცირდება, რადგან დრო თავის საქმეს გააკეთებს და ეს თაობა ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებად აქტიური იქნება. ამ თაობის აქტიურობის დონე თავის მინიმალურ ზღვარს დაახლოებით 2030 წელს მიაღწევს, რადგან ამ დროს კრიტიკულად გაიზრდება საზოგადოებაში 2000 წლის შემდეგ დაბადებული თაობის რიცხოვნობა, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული მენტალური აღქმა და უნარ-ჩვევები გააჩნია. ამას კარგად ხვდება ქართული ოცნებაც, რომელიც ძირითადად 40+ თაობის კლებადი, მაგრამ ჯერ კიდევ  დომინანტური ენერგიით იკვებება და სწორედ ამიტომ, თვითონვე აანონსებს საკუთარ დასასრულს 2030 წელს.

 

რა ბედი გველის მანამდე ?

მანამდე საზოგადოება იცხოვრებს თაობებს შორის აქტიური ჭიდილის პირობებში, რომელიც მომავალი თაობის გარდამავალი უპირატესობით წარიმართება. ახალი თაობის დომინანტობა ჯერ ნაადრევია, თუ გარე ძალების ჩარევამ  დროზე ადრე არ გადაწონა სასწორის პინა ახალი თაობის სასარგებლოდ, რომელსაც ჰორმონები უდუღს და მუდმივად ცვლილებები უნდა. სანამ პრო-ევროპული ღირებულებების მატარებელი ახალი თაობა მომძლავრდება, მანამდე ალბათ მოგვიწევს ანგარიში გავუწიოთ საბჭოთა პერიოდში დაბადებული კერპთაყვანისმცემელი ადამიანების, ჯერ კიდევ,  დიდ არმიას, რომლებიც მუდმივად ბელადის ძიებაში არიან. ეს ადამიანები საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის წნეხის ქვეშ გაიზარდნენ. მათ  მყარი შინაგანი ღირებულებები არ გააჩნიათ, ამიტომ საკუთარ უსაფრთხოებას და სტაბილურობას მუდმივად გარე ფაქტორებში ეძებენ. მათ სასიცოცხლოდ სჭირდებათ უძლეველი პატრონი, ძლიერი მამა, ვინც მათზე იზრუნებს, ან დააჯერებს, რომ მათზე ზრუნავს. 

ამ ხალხის სუნი კარგად  ახსოვს თბილისის ქუჩებს. ეს ის ხალხია, ვინც წლების წინ ნორჩი პიონერების რიგებში აიდგა ფეხი, ვინც მერე თვალანთებული უკრავდა ტაშს ზვიადის ეროვნულ იდეებს, ვინც მოქალაქეთა კავშირის უკლებლივ ყველა პარტიულ ყრილობას ესწრებოდა, ვინც ეთაყვანებოდა ნაციონალურ მოძრაობას და "მიშა მაგარიას" მოტივებზე როკავდა. ეს ის ხალხია, ვინც მანამდე დაუკრავს  ბიძინას ტაშს, სანამ ახალი ბელადი არ გამოჩნდება. ამ ხალხისთვის სულ ერთია, ვინ დადგება ტრიბუნასთან, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რას მოისმენს ტრიბუნიდან. მათთვის მთავარია, ვინმემ უპატრონოს, უწინამძღვროს, ვინმემ მწყემსოს. ისინი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იგრძნობენ თავს მშვიდად და უსაფრთხოდ.  სწორედ აქ იმალება პასუხი კითხვაზე - რატომ არის ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი ან პარტია ამ ხალხისთვის მიუღებელი ? ამ ხალხს არც ხელისუფლების იდეები აინტერესებთ, არც ოპოზიციის. ისინი არც მომავლის პერსპექტივაზე ფიქრით დაიღლიან თავს, არც წარსულის ანალიზით. მათთვის მთავარია არსებობდეს ბელადი. ისინი მხოლოდ ბელადის ფუნქციების მქონე მეორე ქარიზმატულ ბელადს მიესალმებიან და სხვას არავის.  დღევანდელ ოპოზიციურ ლიდერებში შეიძლება ბევრი ღირსეული ადამიანია, მაგრამ ბელადის ფუნქციების  შესრულება არც ერთ მათგანს არ შეუძლია.  ეს ლიდერები და „ძმანი მათნი“  ამ ხალხს მზრუნველი ბელადის ფუნქციას ვერ შეუცვლიან, ამიტომ ამ ხალხისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას ამბობენ ოპოზიციური ლიდერები, ან რის გაკეთებას დაჰპირდებიან მომავალში. 

ჩვენ გვინდა ბელადი, ჩვენ ვეძებთ უკეთეს ბელადს და მანამდე ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და ჩვენს არსებულ ბელადს ნურავინ შეეხებით ! პოლიხრონიონ ! ასეა, ეს !!!

გამოსავალი რაშია ?

დაველოდოთ ახალ თაობას. დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს.

წამზომი ჩართულია !

  

„კომერსანტი“