გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტები იტალიაში, ქ. ბოლონიაში ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ცენტრის (ECMWF) 50 წლის საიუბილეო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ამინდის პროგნოზირების მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გააზიარეს. სააგენტოს წარმომადგენელმა, მეტეოროლოგმა დავით ლოლაძემ თემაზე „ECMWF პროდუქტების ინტეგრაცია ჰიდროლოგიურ მოდელირებაში“ პრეზენტაცია წარადგინა.

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი (ECMWF) მსოფლიოში მეტეოროლოგიის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს რიცხვითი ამინდის პროგნოზებს, თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას.

საქართველო ECMWF-ის ასოცირებული წევრი ქვეყანა 2021 წლის დეკემბერში გახდა. მიმდინარე თანამშრომლობის შედეგად, სააგენტო უწყვეტ რეჟიმში იღებს ECMWF-ის თანამედროვე მეტეოროლოგიურ მონაცემებსა და პროგნოზირების პროდუქტებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში ამინდის პროგნოზირების სიზუსტის გაუმჯობესებისა და ადრეული შეტყობინების სისტემების ეფექტიანობის გაზრდისთვის“ - ნათქვამია ინფორმაციაში.