„ბიოსამედიცინო ეთიკის თვალსაზრისით სუროგაცია-დონაცია ერთგვარი ეთიკური დილემაა და ამ თემებთან დაკავშირებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები არსებობს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, ადვოკატმა ნინო ბოგვერაძემ განაცხადა. მისი თქმით, სუროგაციის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანია ის, რომ გაფორმდეს სუროგაციული ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმდეს და თუ ამგვარი ხელშეკრულება არსებობს, მაშინ სუროგაციის გზით დაბადებულის ბავშვის შვილად აყვანას პრობლემები აღარ მოჰყვება.
„სუროგაციის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით მნიშვნელოვანია ის, რომ გაფორმდეს სუროგაციული ხელშეკრულება. კანონი მას მოიხსენებს, როგორც უბრალოდ ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების მხარეები არიან პოტენციური მშობლები და სუროგატი დედა (მარტოხელა ადამიანს არ აქვს უფლება, რომ სუროგაციული სერვისით ისარგებლოს). თუ ამ პროცესში ჩართულია დონორი, ის არ შეიძლება იყოს ანონიმური, რაც მგონია რომ არ არის სწორ. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით ასეა. თუმცა, სხვა ტექნოლოგიების შემთხვევაში, მაგალითად, თუ არ არის სუროგაცია და მარტო დონაციაა, ანონიმურობა დაიშვება. რაიმე შეზღუდვას კანონმდებლობა ამასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს“, - ამბობს ადვოკატი.
ის განმარტავს, რომ დონორი არის ის პირი, რომელიც ახდენს ბიოლოგიური მასალის - კვერცხუჯრედის, სპერმის, ემბრიონის სხვა პირისთვის ე.წ. „მიმღებისთვის“ გადაცემას. ბავშვი, რომელიც დაიბადება ამ მასალის გამოყენების შედეგად, დონორის ბიოლოგიური შვილია, მაგრამ ის სამართლებრივად ამ ბავშვზე უფლებას კარგავს.
რაც შეეხება კანონის მოთხოვნებს სუროგატი დედისა და „პოტენციური მშობლებისადმი“ ასეთია: სუროგატი დედა უნდა იყოს სრულწლოვანი, ხოლო ამ სერვისი ბენეფიციარების ე.წ. პოტენციური მშობლების მიმართ მთავარი მოთხოვნაა, რომ წყვილი დაქორწინებული იყოს, ან ნოტარიულად დაადასტურონ მინიმუმ 1-წლიანი თანაცხოვრება.
„თუ ყველა დოკუმენტი წესრიგშია, ბავშვის დაბადების შემდეგ, სერვისების განვითარების სააგენტოში შედის განცხადება მშობლების სახელით, რომელსაც თან დართული აქვს შესაბამისი დოკუმენტები და თუ ეს დოკუმენტები აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, გაიცემა ბავშვის დაბადების მოწმობა. ამ შემთხვევაში სასამართლოს ჩართულობა არ ხდება. სასამართლო ერთვება სუროგაციასთან დაკავშირებულ საკითხებთან მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს რეესტრის უარი“, - ამბობს ადვოკატი.
მისი თქმით, ყველაზე ხშირად რეესტრის უარის მიზეზია სუროგაციის ხელშეკრულების არარსებობა.
„ერთს მხრივ, რეესტრის უარი გამართლებულია, რადგან თუ კანონით გათვალისწინებულია, რომ სუროგაციის ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია და ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, უარი კანონიერია. ამ უარის შემდეგ, ბავშვი რეალურად სახელმწიფო ზრუნვაშია, თუმცა პრაქტიკაში სოციალური სამსახური აძლევს უფლებას მშობლებს, რომ ბავშვი მათთან გაიზარდოს. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით მათ მშობლის სტატუს არ აქვთ. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნოტარიულად დამოწმებულ სუროგაციის დოკუმენტის არსებობას“, - აცხადებს ადვოკატი.