მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომლის მთავარი მოვალეობაც საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა იყო, უქმდება და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას 2022 წლიდან ოთარ დანელია იკავებდა, რომელიც დღეს გავრცელებული ინფორმაციით,  ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი გახდება.

„კომერსანტმა“ ბიზნესის წარმომადგენლებთან იკითხა, რამდენად ქმედითი იყო უწყება მათი ბიზნესს ინტერესების დაცვის კუთხით.

ლოგისტიკური კომპანია “ისთ გეით გრუპის” დამფუძნებელი, ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ინსტიტუტთან შეხება რამდენიმე წლის წინ ჰქონდა, თუმცა იმ უფლებების ფარგლებში, რომელიც მაშინ  ბიზნესომბუდსმენს გააჩნდა, პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა, საქმე კი სასამართლომდე მივიდა.

იაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი ქმედითი უფლებებით დაკომპლექტდება, ეს სექტორს მხოლოდ დადებით შედეგს მოუტანს.

„ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის ეს მნიშვნელოვან საკითხად არ მიმაჩნია, ალბათ ასე სჯობს.  ამ უწყებისთვის დასახმარებლად მიმიმართავს, დაახლოებით შვიდი-რვა წლის წინ, მაგრამ ბოლოს მაინც სასამართლოს გზით მოგვიწია წასვლა, რომ გითხრათ, რომ რამე დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს საქმეზე არა, თუმცა ჩვენი მოისაზრება გაიზიარეს. ზოგადად, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ იყო, მთლიანად იმ ინდუსტრიაში შეიქმნა პრობლემა, რომელშიც ვსაქმიანობ და გავაცანი ეს ყველაფერი ბიზნესომბუდსმენს, ძალიან გულთან მიიტანა, თუმცა როგორც ვთქვი, მაინც სასამართლოს გზით მოგვიწია წასვლა.

რა თქმა უნდა, ეს უწყება ნამდვილად საჭიროა, ბიზნესმენს ვინმესთან მიმართვა უნდა შეეძლოს, თუმცა ეს უწყება ქმედითი უნდა იყოს და ქმედითი უნდა იყოს, რა უფლებითაც არის აღჭურვილი. ჩემი გამოცდილება იმით შემოიფარგლა, რომ ძალიან გულთან მიიტანეს პრობლემა, თუმცა რამის გაკეთება ვერ შეძლეს.

თუ გააძლიერებენ და ქმედითი უწყება გახდება,  ძალიან კარგი“,- აღნიშნა ირაკლი იაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.