„სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულირება სრულყოფილი არ არის. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისებით და სუროგაციით სარგებლობა აეკრძალათ უცხოეთის მოქალაქეებს, მაგრამ ეს აკრძალვა არ გამომდინარეობდა არც ევროკავშირის მოთხოვნებიდან, არც რაიმე დირექტივიდან“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, ადვოკატმა ნინო ბოგვერაძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მოჰყვა კანონს საზოგადოებისა და სამედიცინო სექტორის მხრიდან დისკუსიები

„სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულირება სრულყოფილი არ არის. როგორც ცნობილია, შემუშავდა კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“. ამ კანონის მიხედვით უცხოელებთან დაკავშირებით არა მხოლოდ სუროგაციის, არამედ სრულად მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სერვისები აიკრძალა, რაც არ გამომდინარეობდა არც ევროკავშირის მოთხოვნებიდან, არც რაიმე დირექტივიდან და პრობლემები და დისკუსია ამ ჩანაწერმა გამოიწვია“, - განაცხადა ნინო ბოგვერაძემ.

მისი თქმით, სამედიცინო სექტორი, რომელიც ამ მიმართულებით საქმიანობს, დაფუძნებულია უცხოელი წყვილების მომართვიანობაზე და ქართველი წყვილებისთვის მომსახურება და ფასების შენარჩუნებაც დგას სწორედ იმ შემოსავლებზე გათვლით, რომელიც უცხოელ წყვილებთან მიმართებითაა.

„აკრძალვა ყველაზე მარტივია, მაგრამ ეს უნდა იყოს ყველაზე რადიკალური ზომა და უნდა ვიფიქროთ გამოსავალზე, რომ არსებული რისკები დავაზღვიოთ და ბავშვთა ტრეფიკინგი არ განხორციელდეს. მოდი, შევხედოთ რა ალტერნატიული მექანიზმების შემოღება ან ზომების გამკაცრება შეიძლება? თუ არის ბიოლოგიური კავშირი ბავშვსა და ერთ-ერთ მშობელს შორის, იქ მინიმალურია ბავშვთა ტრეფიკინგის საფრთხე. კიდევ ერთ-ერთი საკითხი, რაც ამ აკრძალვასთან დაკავშირებით წარმოიშვა, იყო ამ ჩანაწერის დისკრიმინაციული და კონსტიტუციური მიდგომა. ავიღოთ შერეული წყვილი. თუ ქალი არის საქართველოს მოქალაქე, მეუღლე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მას სუროგაციაზე წვდომა არ ექნებათ მხოლოდ იმის გამო, რომ მეუღლე ჰყავს უცხოეთის მოქალაქე და კანონში ბევრი სხვა ასეთი საკითხია“, - ამბობს ნინო ბოგვერაძე.

ადვოკატის თქმით, ძალიან მისასალმებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში პირველი იანვრიდან ამოქმედდა ერთიანი ეროვნული რეესტრის შესახებ რეგულაციები, რომელიც  კონტროლს, აღრიცხვიანობას, მიკვლევადობას ისახავს მიზნად.

„რეალურად სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული გახდნენ, რომ მთელი ეს ინფორმაცია ასახონ ერთიან ეროვნულ რეესტრში, რაც ძალიან კარგია სისტემატიზაციისა და კონტროლის მექანიზმებისთვის. როგორც ვიცი ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ კონკრეტული მოთხოვნებიც განისაზღვროს პროცესში მონაწილე პირებისთვის, დონაციის ჯერადობები და ა.შ. და ეს ყველაფერი მიზნად ისახავს კანონში არსებული ხარვეზების შევსებას“, - აცხადებს ნინო ბოგვერაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. რომლის მიხედვითაც, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება.