ატლანტის ოკეანეში 2 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს ატლანტის ოკეანეში 2 ქართველი მეზღვაური გაიტაცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საკონსულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2 მაისს, ღამის საათებში, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ღუზაზე მდგომი გემიდან გაიტაცეს სამი მეზღვაური, მათ შორის ორი საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ მეზღვაურებს საფრთხე არ ემუქრებათ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს, მათ შორის საკრუინგო და გემთმფლობელ კომპანიებთან ჩვენი მეზღვაურების ტყვეობიდან გამოსახსნელად. სააგენტოს წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს და მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებისგან.“ - წერია განცხადებაში.