საქართველოში არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება. ამ ფონზე, სახელმწიფო აუდიტის ბოლო ანგარიშის მიხედვით, სერიოზული პრობლემებია განრიდება-მედიაციის პროგრამაში – მექანიზმში, რომელიც ახალგაზრდებს ნასამართლეობის გარეშე ცხოვრების გაგრძელების შანსს აძლევს.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა განკუთვნილია არასრულწლოვნებისა და 18–21 წლის ახალგაზრდებისთვის. მისი მიზანია, მათ სასჯელისა და ნასამართლეობის გარეშე გააგრძელონ ცხოვრება და დაუბრუნდნენ კანონმორჩილ გზას.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია რეციდივი – რამდენი ბენეფიციარი ჩაიდენს განმეორებით დანაშაულს. საქართველოს პროკურატურის განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, რეციდივად ითვლება შემთხვევა, როდესაც პირი ხელშეკრულების დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში კვლავ ჩაიდენს დანაშაულს. ასეთი კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო კვლევა 2025 წელს ჩატარდა და 2019–2021 წლებში განრიდებულ პირებს შეეხებოდა.

ამასთან, იზრდება იმ პირთა წილი, ვინც ხელშეკრულების დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში კვლავ ჩაიდენს დანაშაულს.

აუდიტის ჯგუფმა დამატებით გააანალიზა 2022 წელს პროგრამაში ჩართული 585 არასრულწლოვნის მონაცემები და შეადარა ისინი 2022–2025 წლების [1 მაისამდე] პირობით მსჯავრდებულთა და პატიმართა მონაცემებს. აღმოჩნდა, რომ 110 პირმა – ანუ დაახლოებით 19%-მა – განმეორებით ჩაიდინა დანაშაული.

აუდიტი აღნიშნავს, რომ ამ პირებისთვის ხელშეკრულების დასრულებიდან ჯერ სრულად არ არის გასული სამი წელი, რაც ნიშნავს, რომ მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

გამოვლენილი ტენდენცია სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს და საჭიროებს მიზანმიმართულ რეაგირებას – ასკვნის აუდიტი.

წყარო: სახელმწიფო აუდიტი

რა პრობლემები გამოავლინა აუდიტმა?

  • ერთიანი პოლიტიკის არქონა

დღემდე არ არსებობს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განრიდება-მედიაციის პროცესს სრულად და მკაფიო ხედვით განსაზღვრავს. სხვადასხვა აქტივობა გაწერილია ცალკეულ სტრატეგიებსა და დოკუმენტებში, თუმცა ისინი ფრაგმენტულია და ერთმანეთთან სათანადოდ კოორდინირებული არ არის.

არსებული დოკუმენტები ვერ ფარავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სოციალური მუშაკების ჩართულობა, სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა.

  • მონაცემთა მართვის სერიოზული ხარვეზები

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა არ არის დანერგილი. მონაცემები თანამშრომლებს Ms Excel-ის ფაილებში [2010 წლიდან] შეჰყავთ.

აუდიტის მიხედვით, არსებული ბაზა არასრული და ზოგ შემთხვევაში არაზუსტია. ამასთან, სენსიტიური ინფორმაციის ამ ფორმით შენახვა ზრდის მონაცემების დაკარგვის ან არასწორი გამოყენების რისკს.

  • დაზარალებულთა ჩართულობის პრობლემა

ევროსაბჭოს რეკომენდაციით, აღდგენითი მართლმსაჯულება შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე. თუმცა საქართველოში პრაქტიკაში პრობლემებია.

თუ დაზარალებული თავიდან უარს ამბობს მედიაციაში მონაწილეობაზე, მედიატორი მასთან კომუნიკაციას წყვეტს. თუ მოგვიანებით აზრს შეიცვლის, მისი ხელახალი ჩართვის მექანიზმი კანონით განსაზღვრული არ არის. ასევე, დაზარალებულებს არ მიეწოდებათ ინფორმაცია მხარდამჭერი პროგრამების შესახებ.

  • რეგიონებში სერვისების დეფიციტი

ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისები – ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო, სპორტულ-კულტურული და მოხალისეობრივი აქტივობები – ქვეყნის მასშტაბით თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის.

ზოგიერთ რეგიონში სოციალური მუშაკი საერთოდ არ არის და მათ ფუნქციას პრობაციის ოფიცრები ასრულებენ. თუმცა ისინი ვერ უზრუნველყოფენ სრულფასოვან სარეაბილიტაციო პროგრამებს და ბენეფიციარებს ძირითადად მხოლოდ ზოგად კონსულტაციებს სთავაზობენ.

  • პროფესიულ განათლებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა

პროფესიულ განათლებაში ჩართვა კიდევ ერთი პრობლემაა. 2021–2024 წლებში პროგრამაში ჩართვის მიზნით 184 ბენეფიციარის მონაცემი გადაიგზავნა, თუმცა სერვისით რეალურად მხოლოდ ხუთმა პირმა ისარგებლა.

მიზეზად სახელდება ის, რომ კოლეჯების პროგრამები ვერ გადის აკრედიტაციას ან ვერ ხერხდება ჯგუფების დაკომპლექტება.

ოფიციალური მონაცემებით, პროფესიულ პროგრამაში ჩართული იყო მხოლოდ 10 ბენეფიციარი, თუმცა მათი კურსის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი და უცნობია, რა სპეციალობებში გადამზადდნენ ისინი.

ანგარიშის მიხედვით „განრიდება-მედიაციის პროცესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური სოციალური მუშაკები და მედიატორები იყვნენ ჩართული. თუმცა, აღრიცხვის სისტემაში არსებული ხარვეზების გამო [ზოგჯერ ინფორმაცია სრულად არ ივსება და საქმეების სტატუსები დროულად არ ახლდება], აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო 2023-2024 წლებში ბენეფიციართა მიერ მიღებული სერვისებისა და პროგრამების, ასევე თითოეული სოციალური მუშაკის დატვირთვის სრულყოფილი შეფასება“.

აუდიტის ანგარიშიდან

აუდიტი ასევე წერს, რომ „2023-2024 წლებში განრიდება-მედიაციის პროცესი ფინანსდებოდა სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს როგორც საბიუჯეტო ასიგნებებიდან, ასევე საკუთარი სახსრებიდან.

ხარჯები ასახულია „სააგენტოს ადმინისტრაციული მართვისა და კონტროლის“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ამ ქვეპროგრამაში გაწეული სახსრები მოიცავს როგორც განრიდება-მედიაციის პროცესისთვის საჭირო რესურსებს [მაგალითად, სოციალური მუშაკებისა და პრობაციის ოფიცრების შრომის ანაზღაურებას, სხვადასხვა სახის კულტურული/შემეცნებითი აქტივობების ორგანიზების ხარჯებს], ასევე სააგენტოს სხვა ადმინისტრაციული და საოპერაციო ხასიათის ღონისძიებების დაფინანსებას.

შესაბამისად, არსებული პროგრამული სტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლებელია ზუსტი გამიჯვნა, რა მოცულობის სახსრები დაიხარჯა უშუალოდ განრიდება-მედიაციის პროგრამის განხორციელებაზე.“ – წერს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით აღნიშნული სააგენტოს მთლიანი ხარჯი კი 17 მილიონ ლარზე მეტი იყო, როგორც 2023, ასევე 2024 წელს.

აუდიტის რეკომენდაციები:

განრიდება-მედიაციის პროცესის გასაუმჯობესებლად საჭიროა შეიქმნას ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რა უნდა გაკეთდეს, რა ვადებში და როგორ შეფასდება შედეგები. ეს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მისცემს შესაძლებლობას, რეგულარულად გააკონტროლოს შესრულებული სამუშაო.

საჭიროა დაინერგოს ელექტრონული საქმისწარმოების სისტემა, რომელიც გააერთიანებს პროცესში ჩართული ყველა უწყების მონაცემებს, დაიცავს კონფიდენციალურობას და შესაძლებელს გახდის ინფორმაციის ანალიზს. ეს გაამარტივებს პროცესების მართვას და მონიტორინგს.

იმისთვის, რომ მედიაციით დასრულებული საქმეების რაოდენობა გაიზარდოს: სააგენტომ იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურასთან ერთად უნდა შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც დაავალდებულებს მედიატორს, რეგულარულად ჰქონდეს კომუნიკაცია დაზარალებულთან;

გაიზარდოს დაზარალებულთა ინფორმირებულობა მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, რათა მათ აქტიურად ჩაერთონ შერიგების პროცესში.

სერვისების ხელმისაწვდომობისა და მრავალფეროვნების გასაზრდელად საჭიროა: გაიზარდოს კვალიფიციური კადრების რაოდენობა და მოტივაცია რეგიონებში; კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით გაფართოვდეს მოხალისეობრივი აქტივობები; გაფართოვდეს პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციართა რეაბილიტაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

საქართველოს პროკურატურის მონაცემებით, 2024 წელს განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა საერთო რაოდენობა 1164 იყო, რაც 2023 წელთან შედარებით გაზრდილია [2023 წელს იყო – 1010].

წყარო: პროკურატურა

პროკურატურის კვლევის მიხედვით 2024 წელს განრიდებული 674 არასრულწლოვნიდან:

130 მოზარდის [19%] მშობლები განქორწინებულები იყვნენ.

ხოლო 138 არასრულწლოვნს [20.5%] ორივე ან ერთ-ერთი მშობელი ემიგრაციაში ჰყავდა. მათ შორის:

19 შემთხვევაში – ორივე მშობელი იყო საზღვარგარეთ;
70 შემთხვევაში – დედა;
49 შემთხვევაში – მამა.

batumelebi.netgazeti.ge