რას ზეიმობთ ან რა გამარჯვება მოიპოვეთ? რეალურად, მთავრობას უკან არ დაუხევია და აკრძალვა ძალაში დატოვა, - ასე ეხმაურება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე გადაწყვეტილების ცვლილებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ა 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი, ნაცვლად არსებული 0.8 ლარისა.

იაგო ხვიჩია წერს, რომ შინაარსობრივად ეს მაინც აკრძალვაა, რადგან განბაჟებაში ხუთჯერ მეტს არავინ გადაიხდის.

„დღეს სოცქსელებში ზეიმს წავაწყდი, თითქოს 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა აღარ იკრძალებაო. თუმცა, განბაჟება ხუთჯერ ძვირდება. ეს კი, თავისთავად, აკრძალვის სხვა ფორმაა. შინაარსობრივად ეს მაინც აკრძალვაა, რადგან ყველასთვის ცხადია, რომ განბაჟებაში ხუთჯერ მეტს არავინ გადაიხდის. ზუსტად იგივე მოხდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაშიც — მათი შემოყვანა უბრალოდ გააძვირეს, რაც, ფაქტობრივად, აკრძალვას ნიშნავდა.

შესაბამისად, რას ზეიმობთ ან რა გამარჯვება მოიპოვეთ? რეალურად, მთავრობას უკან არ დაუხევია და აკრძალვა ძალაში დატოვა. ამ ფორმით მათ მფარველობა გაუწიეს საკუთარ ბიზნესებსა და იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ ავტომობილებს ყიდიან. იმისთვის კი, რომ ხალხის გაბრაზება ცოტათი ჩაეცხროთ და საზოგადოებამდე არასწორი ინფორმაცია მიეტანათ — თითქოს მთავრობამ უკან დაიხია, სწორედ ეს ფორმულირება გამოიყენეს. შინაარსობრივად ყველაფერი უცვლელი დარჩა: კვლავ მფარველობენ ახალი ავტომობილების დილერებს და რეალურად, ისევ ზღუდავენ და კრძალავენ 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანას.

ამ დროს კი ხალხი ზეიმობს, თითქოს კეთილი მთავრობა გვყავს, რომელმაც ხალხის ხმა შეისმინა და უკან დაიხია. სინამდვილეში, უკან არავის დაუხევია. ხდება ზუსტად იგივე, უბრალოდ, მთავრობა ისეთ სიტყვებს იყენებს, რომლებიც თქვენს ყურს სასიამოვნოდ ხვდება. თუმცა, როგორც აღვნიშნე, აკრძალვა ისევ ძალაშია და კვლავ იმ კომპანიების ინტერესები ტარდება, რომლებიც ახალი ავტომობილებით ვაჭრობენ — ეს ყველაფერი კი ისევ ხალხის ინტერესების ხარჯზე ხდება, როგორც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული.

მე ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ, რადგან ასეთ პრობლემებზე პასუხი არჩევნებზე სწორი გადაწყვეტილების მიღებაა.

არ უნდა ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც რეგულაციებით, შეზღუდვებითა და აკრძალვებით ხალხს ცხოვრებას ურთულებს. ეს საკითხი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. თუმცა, ერთს ნამდვილად გირჩევთ: ნუ ზეიმობთ! ნუ იზეიმებთ სულელებივით იმას, რაც სულაც არ არის საზეიმო. მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს იაგო ხვიჩია.