ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარებული მოვლენები გარკვეულ დაღს დაასვამს სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას. ბიზნესის წარმომადგენლები სამშენებლო მასალების 20%-მდე გაძვირებას არ გამორიცხავენ. მიზეზი ირანიდან პროდუქციის შემცირება, ასევე მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირება და შედეგად ტრანსპორტირების ხარჯის ზრდაა. დარგის სპეციალისტები კი ასეთ დრამატულ სურათს არ ვარაუდობენ და აცხადებენ, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალები ირანის გარდა, სხვა ქვეყნებიდანაც შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე დეფიციტი მაინც შეიქმნება, ეს ერთგვარი შანსი იქნება, ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად.
„გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა განაცხადა, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალების ფასის ცვლილება ბაზარს ერთთვიან ჭრილში, არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ დაეტყობა. საქმე ისაა, რომ ბევრი დეველოპერული კომპანია საკუთარ პროექტებში ირანულ კერამიკულ ფილებს იყენებს.
„იგი შედარებით ხელმისაწვდომი იყო და, პრაქტიკულად, ყველა ტიპის მშენებლობას სჭირდება, იქნება ეს მცირე თუ დიდი საცხოვრებელი კორპუსი, სასტუმრო თუ კერძო სახლი. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ირანიდან პროდუქციის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი შეკვეთა გვქონდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილი გაუქმდა, რამაც ბაზარზე სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა.
ეს ცვლილება, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ფასზეც. უკვე დღესვე შეინიშნება გაძვირების ტენდენცია და ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება. ამ პროცესზე მხოლოდ ირანში არსებული ვითარება არ მოქმედებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ცვლილებაც. ნავთობის გაძვირება პირდაპირ ზრდის ტრანსპორტირების ხარჯს. მაგალითად, სატრანსპორტო კომპანიებთან ფასების გადამოწმებისას დავინახეთ, რომ ზოგ შემთხვევაში, ტარიფები, დაახლოებით, 50%-ით არის მომატებული“, - განაცხადა თორნიკე გურულმა.
გარდა ამისა, ჩინეთში გარკვეული პროდუქციისთვის არსებული სახელმწიფო სუბსიდიები ეტაპობრივად მოიხსნა, რის შედეგადაც პროდუქციის ფასი გლობალურად იზრდება. ამას ემატება სავალუტო კურსების ცვლილებაც, განსაკუთრებით იუანსა და დოლარს შორის, რაც ასევე გავლენას ახდენს იმპორტირებულ პროდუქციაზე.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სამშენებლო-სარემონტო მასალების საქართველოში აუცილებლად გაძვირება. ჩვენი შეფასებით, ეს შეიძლება, დაახლოებით, 20%-ის ფარგლებში იყოს, თუმცა შესაძლებელია, ოდნავ მეტი ან ნაკლებიც აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, ცვლილება უკვე ერთ თვეში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, რადგან ამ ეტაპზე, კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული მარაგი, მაგრამ იგი თანდათან ამოიწურება“, - აღნიშნა "ბიზნეს მედიასთან" თორნიკე გურულმა.
„გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზს ნაწილობრივ ეთანხმება მშენებელი და სამშენებლო მასალების ექსპერტი გიორგი შვანგირაძე. „რეზონანსთან“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ სამშენებლო პროდუქციაზე ფასების ზრდის პროგნოზი რეალობას აცდენილი არ არის, თუმცა თუკი ასე მოხდება, არსებობს ალტერნატიული გზებიც.
„რა თქმა უნდა, თუ ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება, მასალები გაძვირდება. საქართველოში ეკონომიკური ზრდა, გარკვეულწილად, დამოკიდებულია სამშენებლო სექტორზე, რადგან მშენებლობის ბუმია ჩვენს ქვეყანაში, დიდი რაოდენობით მასალები გვჭირდება და ნებისმიერი მომწოდებლის მხრიდან თუ წარმოიქმნება დეფიციტი, ეს გარკვეულ ცვლილებას გამოიწვევს, ალტერნატიული საშუალებებიც რომ გვქონდეს. თუმცა, 20%-იანი ზრდა საკმაოდ მაღალია ბიჯია, რაც ძალიან გაზრდის მშენებლობისა და რემონტის ხარჯს. ეს კი არც ერთ შემთხვევაში ელს არ გვაძლევს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი შვანგირაძემ.
მისი ინფორმაციით, სამშენებლო-სარემონტო მასალები მხოლოდ ირანიდან და ჩინეთიდან არ შემოდის. თურქეთიდანაც ხდება იმპორტი, რუსეთიდანაც და ადგილზეც ვაწარმოებთ.
„სხვათა შორის, დამატებით ბევრი რამის წარმოება ჩვენს ქვეყანაშიც შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ. თუ მაგალითად, ჩინურ პროდუქციაზე სახელმწიფო სუბსიდიების მოხსნა დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ინვესტიცია ჩაიდოს ადგილობრივი წარმოების გაზრდასა და მათ წახალისებაში, მაშინ მისასალმებელია. ფასების ხელოვნური გაზრდა დიდ პრობლემას შექმნის იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშენებლობის გაჩერება ნიშნავს ეკონომიკურ კრიზისსაც. შესაბამისად, არ მგონია, სახელმწიფოს ეს აწყობდეს, ამიტომ, სავარაუდოდ, ალტერნატიული გზების ძიების პროცესი უკვე დაწყებული იქნება“, - აღნიშნა გიორგი შვანგირაძემ.
მისივე თქმით, არმატურა საქართველოშივე იწარმოება და სხვა ქვეყნებიდანაც - თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს. რაც შეეხება ცემენტს და ბეტონის შემავსებლებს (ქვიშა, ხრეში და ა.შ.), ეს პროდუქციაც სამამულო წარმოებისაა.
„პრაქტიკულად, შენობის აშენება შეგვიძლია ისე, რომ ადგილობრივი მასალები გამოვიყენოთ. შეგვიძლია, მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოვიტანოთ და ადგილობრივი წარმოებაც კიდევ მეტად წავახალისოთ. ერთადერთი დეფიციტი თუ შეიქმნება, უფრო მეტად შიდა სარემონტო მასალებზე, მაგალითად, კერამო-გრანიტებზე, თუმცა დიდი პრობლემა მაინც არ იქნება, რადგან ეს მასალები მხოლოდ ირანიდან და ჩინეთიდან კი არა, თურქეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდანაც შემოდის. გასაგებია, რომ ისინი შედარებით ძვირადღირებული მასალებია, მაგრამ დიდი პრობლემა მაინც არ წარმოიქმნება. ვინც იაფფასიან პროდუქციას ეძებს, ირანულს თუ არა, თურქულს შეიძენს. ამ ქვეყნიდანაც საკმაოდ იაფად შემოდის სამშენებლო მასალები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუკი ბაზარზე მცირე დეფიციტი გაჩნდება, ეს დიდი წახალისება იქნება საქართველოში წარმოების გასაზრდელად და ადგილობრივმა ბიზნესმაც უნდა გამოიყენოს ეს შანსი“, - დასძინა გიორგი შვანგირაძემ.
„რეზონანსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა სამშენებლო მასალების მსხვილ სავაჭრო ქსელებში. მოსალოდნელია თუ არა პროდუქციის გაძვირება და აქვთ თუ არა საჭირო მარაგები. ამ კითხვებით დავუკავშირდით მსხვილ სავაჭრო ქსელს, „გალერეა დემასს“, სადაც განგვიცხადეს, რომ მათ სავაჭრო ქსელში ჩინური და ირანული პროდუქცია არ აქვთ. შესაბამისად, არც სამშენებლო მასალების გაძვირებას აპირებენ და რაც მთავარია, საკმარისი მარაგიც გააჩნიათ.