ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო საზღვაო გადაადგილების აღსადგენად ქვეყნებმა ძალისხმევა უნდა გააძლიერონ. კაია კალასმა ამის შესახებ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტზე განაცხადა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ორგანიზებით გაიმართა.

მისივე თქმით, ირანს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, თუ რომელი ქვეყნის გემები გაივლიან სრუტეში.

„ეს საზღვაო გზა გლობალური საზოგადოებრივი სიკეთეა. ირანს არ უნდა მიეცეს უფლება, გემების გავლისთვის გადასახადი დააკისროს ქვეყნებს. საერთაშორისო სამართალი არ ცნობს „გადაიხადე გავლისთვის“ სქემებს“, – განაცხადა კალასმა.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ომის შემდეგ ევროკავშირმა უნდა გააფართოოს საზღვაო მისია „ასპიდესი“, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო წითელ ზღვაში ნავიგაციის დასაცავად.

„ევროკავშირის საზღვაო მისია „ასპიდესი“ უკვე დაეხმარა 1700 გემს წითელ ზღვაში და ის უნდა გაიზარდოს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავკარგოთ კიდევ ერთი კრიტიკული სავაჭრო მარშრუტი. ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები ტრანზიტის თვალყურის დევნებისა და ხელშეწყობისთვის, რაც ამაში დაგვეხმარება“, – აღნიშნა კალასმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა, რომელსაც აშშ არ დაესწრო. სამიტში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე 40-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა.

1tv.ge