საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილი განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან ათასობით, მათ შორის ასწლოვანი სკოლების რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თამარ მახარაშვილმა განმარტა, პროცესს თან ახლავს როგორც შესრულების, ისე მოსწავლეთა დროებითი გადანაწილებით გამოწვეული სირთულეები.

„ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა - ჩვენ არ გვეშინია ამის თქმა - ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა, საუბარი არ არის მხოლოდ სტანდარტულ რეაბილიტაციაზე; იგულისხმება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიებით აღჭურვაც, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

რადგან 2086 სკოლაზე ვსაუბრობთ, მათი უმრავლესობა ასწლოვანია. შესაძლოა, გვითხრან, რომ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ რაოდენობის სკოლებიდან ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული არც ნახევარი არ დაგვხვედრია - ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც 50% იყო გამართული

ამიტომ წარმოიდგინეთ, როდესაც ასეთი მასშტაბი გაქვს,  2086 სკოლა,  ბუნებრივია, რომ შესაბამის პროცედურებს ატარებ და პროცესებიც მიმდინარეობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულები ვართ შემსრულებელზე და მის კეთილსინდისიერებაზე. ამას ახლავს ძალიან ბევრი დისკომფორტი. ძალიან ხშირად თქვენ ნახავთ თუნდაც ტელევიზიით უკმაყოფილო მშობელს. ყველა სკოლის ისტორია ვიცით ზეპირად და დეტალურად. ყველაზე მკაცრი ზომებიც გვაქვს დაწესებული მათ მიმართ, ვინც ვალდებულებებს კეთილსინდისიერად და დროულად ვერ ასრულებს.

თუნდაც შემსრულებელმა ყველაფერი დროულად შეასრულოს და შესაბამისი სამუშაოები გააკეთოს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მაინც ნიშნავს იმას, რომ ბავშვები დროებით უნდა გამოიყვანო სკოლიდან და სხვა დაწესებულებაში გადაიყვანო, რაც თავისთავად გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

შემდეგ, როდესაც ვგეგმავთ, რომ სამუშაოები წელიწად-ნახევარში დასრულდება, ხშირად ჩნდება ისეთი პრობლემები, როდესაც პროცესში ირკვევა, რომ ობიექტი არა სარეაბილიტაციო, არამედ დასანგრევი და თავიდან ასაშენებელია. ძალიან ბევრი მოძველებული სკოლა გვაქვს და ხშირად სწორედ ასეთ პრობლემებს ვაწყდებით. ამიტომ, უნდა ითქვას, რომ არაკეთილსინდისიერი შემსრულებლების არსებობაც სერიოზული პრობლემაა და მთელი ჩვენი ყურადღება სწორედ ამ მიმართულებაზეა გადატანილი.

ბავშვისთვის სწავლის პროცესი უნდა იყოს საინტერესო, საინტერესო. საინტერესოა, როდესაც სწავლა პარალელურად მიმდინარეობს პრაქტიკული მუშაობით და მოსწავლე ლაბორატორიაში ხედავს იმას, რაც თეორიულად ისწავლა, განსაკუთრებით STEM საგნებში. ასეთ დროს ის აცნობიერებს, რომ შედეგი, რაც ფურცელზე წაიკითხა, თავადაც შეუძლია შექმნას, დაინახოს და განახორციელოს. ამის შესაძლებლობა მას, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს.

ამიტომ, ყველა ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით არის მიმართული. თქვენ იცით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ეს მიმართულება გადაიბარა პრინციპით - „პური მეპურემ გამოაცხოს“, რადგან როდესაც მშენებლობაზე ვსაუბრობთ, ეს უფრო შესაბამისი უწყების კომპეტენციაა. თუმცა პოლიტიკის განმსაზღვრელად, პრიორიტეტების განსაზღვრის ნაწილში, კვლავ განათლების სამინისტრო რჩება.

შესაბამისად, თუ წარმოვიდგენთ პროცესს, მასში ჩართულია განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებები, რომლებსაც ძალიან დიდი ფუნქცია აქვთ მიმდინარე საჭიროებების მართვის კუთხით. სკოლების ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებასაც რეგიონული სტრუქტურები უზრუნველყოფენ. და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მერებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს დიდი მადლობა გადავუხადო. აღარაფერს ვამბობ ინფრასტრუქტურის სამინისტროზე, რომელიც ამხელა თემა ჩაიბარა და ჩვენ კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც ორ კვირაში ერთხელ, ზოგჯერ თვეში ერთხელ, ან უფრო ხშირადაც ვიკრიბებით, რათა პრობლემური საკითხები ერთობლივად მოვაგვაროთ. ამ პროცესს დიდი გულისხმიერებით მივყვებით, თუმცა თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ის საკმაოდ ხანგრძლივია. ბუნებრივია, კმაყოფილი ვერ ვიქნები, სანამ სკოლა აშენებული და სრულად გამართული არ იქნება. ხშირ შემთხვევაში კი პროცესები იწელება“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

businessinsider.ge