ბათუმში, ახალი ბულვარის გასწვრივ, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გზის საფარის შეცვლა და სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. ამ და კიდევ რამდენიმე ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთის „კეთილმოწყობაზე“ ქალაქის მერიამ ტენდერი 7 მილიონ 178 ათას 902 ლარით უკვე გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით, ჩატარდება შემდეგი სამუშაოები:
„შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის [კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე], დავით ხახუტაიშვილის ქუჩის [ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე] და ინასარიძის ქუჩის [დავით ხახუტაიშვილის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე] კეთილმოწყობა და ასევე მარეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ ტროტუარის მოწყობა“.
ტენდერს თან ახლავს პროექტი და სიტუაციური გეგმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების ჩატარება მონიშნულია გენერალ ასლან აბაშიძის დასაწყისშიც [შალვა ინასარიძის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე მონაკვეთში].

ქუჩების მონაკვეთები [მონიშნულია წითელი ხაზებით], სადაც პროექტის სიტუაციური გეგმის მიხედვით სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„ბათუმელები“ დაინტერესდა სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, მაგალითად, ხიმშიაშვილის ქუჩა მთლიანად გადაიკეტება, თუ დარჩება ცალმხრივი მოძრაობა ავტომანქანებისთვის.
„აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში, სამუშაოების სხვადასხვა ეტაპზე, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ზოგ მონაკვეთში ნაწილობრივ, ხოლო ზოგ მონაკვეთში სრულად შეიზღუდება. შეზღუდვები განხორციელდება ეტაპობრივად და შესაბამისი უწყებების, მათ შორის საპატრულო პოლიციის, კოორდინაციით“, – მოგვწერეს ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.
პროექტში აღნიშნულია:
„შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის (კობალაძის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე), დავით ხახუტაიშვილის ქუჩის (ფიროსმანის ქუჩიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე) და ინასარიძის ქუჩის (დავით ხახუტაიშვილის ქუჩიდან ტაძრის ქუჩამდე) მიმდებარედ არსებული არხები უხვი ნაკადის დროს ვერ უზრუნველყოფს ნაკადის გატარებას, ზოგიერთ მონაკვეთში საერთოდ არ ფუნქციონირებს სანიაღვრე სისტემა.
იტბორება მიმდებარე სახლები და ქუჩების სავალი ნაწილიც. მოსახლეობისა და ავტოტრანსპორტის გადაადგილება გაძნელებულია. საპროექტო მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრე მილების მოწყობა…
ტროტუარების მოწყობა – ბაზალტისა და ბეტონის ბორდიურებით, დეკორატიული ფილის მოწყობა, უსინათლოებისათვის გათვალისწინებულია ტაქტილური ფილის მოწყობა (ორშრიანი ფერადი). ასევე ტრავენტინისა და ბაზალტის ფილებით, რომელზეც გათვალისწინებულია უსინათლოებისათვის ტაქტილური თვითწებვადი ფილის მოწყობა.
დაიგება ასფალტბეტონის საფარი… სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა ხორციელდება საგზაო ნიშანსადები საღებავით, გაუმჯობესებული შუქდამაბრუნებელი მინის ბურთულაკებით…“
სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დაიწყება 2026 წლის 18 აპრილს და დასრულდება 23 აპრილს. სამუშაოების შესრულების ვადაა 2027 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.