ირმის ნახტომი უბრალოდ კოსმოსურ გიგანტურ სიცარიელეში დაუბრკოლებლად კი არ მოძრაობს, არამედ ბნელი მატერიის ფირფიტაშია ჩასმული, როგორც მოცვი ბლინში. ამის შესახებ ახალი კვლევა მიუთითებს.

ახლომდებარე კოსმოსში გალაქტიკათა მოძრაობის ანალიზის შედეგად აღრიცხეს გრავიტაციული მიზიდვა მასისა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ — ცივი ბნელი მატერიის, რაც მიუთითებს, რომ სამყაროს ჩვენს ადგილობრივ კუთხეს იმაზე მეტი სტრუქტურა აქვს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტის ჯგუფმა ასტრონომ ევუდ ვემპეს ხელმძღვანელობით, შეიძლება ახსნას ადგილობრივი სამყაროს ის სამი უცნაური წარმონაქმნი, რომლებიც ასტრონომებს საგონებელში აგდებს: ადგილობრივი ფირფიტა, ადგილობრივი ვოიდი (სიცარიელე) და წყნარი ჰაბლის ნაკადი.

„მოდელირების ძალისხმევა დიდხანს წვალობდა ჰაბლის წყნარი ნაკადის ხელახლა წარმოქმნას ადგილობრივი ჯგუფის გარშემო. დაკვირვებები თავსებადია ΛCDM-სთან (სამყაროს ევოლუციის ლამბდა ცივი ბნელი მატერიის მოდელი), მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მასა ძლიერ არის კონცენტრირებული სიბრტყეში 10 მეგაპარსეკამდე, ზედაპირის სიმკვრივით, რომელიც ადგილობრივი ჯგუფის მიღმა იკლებს და ღრმა სიცარიელეები აქვს ზემოთ და ქვემოთ“, — წერენ მკვლევრები.

ადგილობრივი ფირფიტა არის სტრუქტურა, რომელშიც ჩასმულია ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკები, მათ შორის, ჩვენი ირმის ნახტომი, ანდრომედა და მათი მეზობელი გალაქტიკები.

ადგილობრივი ფირფიტის გვერდით არის ადგილობრივი ვოიდი (სიცარიელე), კოსმოსის უცნაურად მეჩხერი ჯიბე, რომელსაც გალაქტიკები თითოს გაურბიან. ადგილობრივი ჯგუფის სიჩქარე ადგილობრივ ვოიდთან დაშორები მხრივ, აღწერილია, როგორც „უცნაური“.

და ბოლოს, ჰაბლის წყნარი ნაკადი არის სამყაროს იდუმალად გლუვი, რეგულარული გაფართოება ადგილობრივ მოცულობაში, რაც ძნელია შეუთავსდეს ირმის ნახტომისა და ანდრომედას მასებს, რომლებიც საკმარისად მაღალი უნდა იყოს იმისათვის, რათა ნაკადში გრავიტაციული გადახრა გამოიწვიოს.

ამ საიდუმლოთა შესასწავლად, ვემპემ და მისმა კოლეგებმა მიმართეს ადგილობრივი სივრცის 31 შედარებით იზოლირებული გალაქტიკის მოძრაობებს; ამ მონაცემებს ათწლეულების განმავლობაში აგროვებდნენ მასშტაბური პროგრამები. მკვლევრებმა ეს გალაქტიკები იმიტომ აირჩიეს, რომ იზოლირებულობის გამო, ისინი ადგილობრივი გაფართოების უფრო სანდო მეთვალყურეები არიან.

ამ მონაცემებით, მკვლევრებმა გაუშვეს სიმულაციები, რომლებიც ადრეული სამყაროთი იწყება და იყენებს მასის გადანაწილებას კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე დაყრდნობით (დიდი აფეთქების ერთგვარი ექო სიგნალი). მკვლევრები იმედოვნებდნენ, რომ სიმულაციებში გაიმეორებდნენ ამ გალაქტიკათა მოძრაობებს, ისევე როგორც ირმის ნახტომისა და ანდრომედას მოძრაობას.

ჯგუფმა დაადგინა, რომ სიმულაციამ დაკვირვებების შედეგები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმეორა, როცა აკმაყოფილებდა გარკვეულ გარემო პირობებს — კერძოდ, მასა ჩვენ გარშემო განთავსებულია ფირფიტის მსგავს სტრუქტურაში, რომელსაც ზემოთ და ქვემოთ ვოიდები აქვს.

თუ მართლაც ასეა, სახეზე გვაქვს ადგილობრივი ფირფიტის, ადგილობრივი ვოიდისა და ჰაბლის წყნარი ნაკადის ძალიან დახვეწილი ახსნა.

ასტრონომებმა უკვე დაადგინეს, რომ სამყაროში ბნელი მატერიის განაწილება და სიმკვრივე აისახება გალაქტიკების განაწილებაზე. შესაბამისად, ქვეშ არსებული ბნელი მატერიის ფენა ასახვას უნდა ჰპოვებდეს გალაქტიკების განლაგებაში — ადგილობრივ ფირფიტაში.

ბუნებრივია, რომ ფირფიტის გრავიტაციული მიზიდულობა მატერიას მიმდებარე სივრციდან გამოიზიდავს, ამიტომ ორივე მხარეს ვოიდები ბუნებრივი შედეგი იქნება.

და ბოლოს, ფირფიტის გეომეტრიამ უნდა შეამციროს გრავიტაციული მიზიდვა ადგილობრივი ჯგუფისკენ, რაც გარე გალაქტიკებს უფრო შეუფერხებლად გაფართოების საშუალებას მისცემს — ანუ ესაა ჰაბლის წყნარი ნაკადი.

ამ ყველაფერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის, რომ ასახსნელად აღარ გვჭირდება ახალი, ეგზოტიკური ასტროფიზიკა. ცნობილია, რომ კოსმოსურ აბლაბუდაში ფირფიტები არსებობს და მათი წარმომქმნელი შესაძლო პროცესები მრავალი სხვადასხვა კვლევის საგანია.

ამ ფირფიტების არსებობა ყველაზე ეგზოტიკური ნაწილი არ არის — ეს ისაა, რომ ახალ სიმულაციებზე დაყრდნობით, სამყაროს ჩვენს ჯიბეში გალაქტიკების დინამიკა ამას საჭიროებს და ის თანხვედრაშია არსებულ ფიზიკასთან, მოდელებთან და თეორიებთან.

კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია rug.nl-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი