ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძე მიიჩნევს, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვა არ არის კარგად დამუშავებული და გააზრებული გადაწყვეტილება და ამ აკრძალვის ავტორებს არც კი უფიქრიათ, რა პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგები დადგება.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ალექსანდრე ნონიაძე აცხადებს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები როცა აიკრძალა, მიზანი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ დღეს გარემოს დაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ასეთი შედეგი არ მიუღიათ და ჰაერი არ გაუმჯობესებულა. სამაგიეროდ, წინა აკრძალვას მოჰყვა ის შედეგი, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფასი გაუძვირა.

„წინა აკრძალვის შემდეგაც საცობებს თავი ვერ ავარიდეთ, ეკოლოგია არ გაუმჯობესდა, ფასები გაძვირდა, ავტოპარკი არ განახლებულა - იგივე ემუქრება ამ გადაწყვეტილებასაც. სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 5%-ს ჰყავს 6 წელზე ქვემოთ ავტომობილი და რა, აქვთ ადამიანებს შესაძლებლობა და არ ყიდულობენ ახალ მანქანას? უნდა იცოდეთ, რომ წინა აკრძალვამ ფასები შიდა ბაზრისთვის დაახლოებით 15-20%-ით გააძვირა“, - აღნიშნავს ალექსანდრე ნონიაძე.

მისივე თქმით, ახალი აკრძალვა რეექსპორტსაც დაარტყამს. ასევე, პრობლემები იქნება იმ კუთხითაც, რომ ავტოიმპორტიორებს ისედაც გამოწვევები აქვთ ყაზახებთან და ყირგიზებთან და როცა ქართველ დილერს აღარ ექნება იმის სტიმული, რომ შემოიყვანოს ავტომობილი რეექსპორტისთვის, შესაბამისად, ეს ბაზარი მთლიანად დარჩება ყაზახსა და ყირგიზ გადამყიდველს დარჩება.

„სტიმული არ ექნება იმ მიზეზით, რომ ადგილობრივ ბაზარზე განბაჟება და გაყიდვა ყოველთვის იყო ერთგვარი დაზღვევის მექანიზმი. წარმოიდგინეთ, შემოიყვანა ქართველმა დილერმა მანქანა და ვერ გაყიდა. განაბაჟებს და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა მოესპობა, ირიბად რეექსპორტიც ზარალდება. საბოლოო ჯამში, გაძვირდება 6 წლამდე ავტომობილის შემოყვანაც და გაძვირდება ადგილობრივ ბაზარზე არსებული ამორტიზებული ავტომობილიც. ეს შედეგი ჰქონდა 2013 წლის ავტომობილების აკრძალვასაც“, - აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.

ალექსანდრე ნონიაძის ინფორმაციით, სექტორიდან არავისთვის წინასწარ არაფერი უთქვამს, არაფერი უკითხავს, საკითხზე არანაირი კონსულტაცია არ გვქონია.

„ეს ამბავი ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თსუ-ს და სტუ-ს გაერთიანების საკითხი. გამოსავალს რაც შეეხება, რომლითაც საცობებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება შეიძლება, დავიწყოთ იმით, რომ პრობლემაა არა ბევრი ავტომობილი, არამედ ის, რომ ავტოპარკია მოძველებული. გამოსავალი ის არის, რომ მთავრობამ უნდა დაწიოს განბაჟების გადასახადი 3-4 წელიწადი მაინც, შეიმუშაოს სოციალური პროგრამა, რომლის ანალოგი არაერთ ქვეყანაშია და დაეხმაროს მოქალაქეს ახალი ავტომობილის შეძენაში. ასე განახლდება ავტოპარკი და არა ისე, ადამიანს ავტომობილის შეძენა აუკრძალო“, - დასძენს ალექსანდრე ნონიაძე.