რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში თბილისის სხვადასხვა დაწესებულების, მაგალითად - უზენაესი სასამართლოს და თიბისი ბანკის აბრის ფოტოები ვრცელდება, სადაც სამენოვანი – ქართული, ინგლისური და რუსული წარწერებია, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
„პუბლიკას“ თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ აღნიშნული აბრები 2015 წელს, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, ტურიზმთან დაკავშირებული ერთ-ერთ პროექტის ფარგლებში მოეწყო.
თბილისი საკრებულოს ვებგვერდზე, 2015 წლის 24 თებერვლით დათარიღებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობების „მობილური გიდის“ ფარგლებში ბარკოდებით აღჭურვაზე იმსჯელეს.
„მობილური გიდი“ მოიცავს ღირსშესანიშნაობების შესახებ ხმოვან და ტექსტურ ინფორმაციას, რუკას მასზე დატანილი 89 ტურისტული ობიექტით თავისი სპეციალური ნუმერაციის მიხედვით. აღნიშნული პროექტი ემსახურება როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას, ასევე უცხო ქვეყნის ვიზიტორებისთვის ქალაქის შესახებ ინფორმაციის გამარტივებული წესით მიღებას“, - ნათქვამია საკრებულოს ვებგვერდზე, თუმცა, აქ არ არის დაკონკრეტებული პროექტის დეტალები.