5 თვის განმავლობაში უცხო ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების, სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მფლობელების მიმართ გამოვლენილია 70 000-მდე ვიდეოჯარიმა. ინფორმაცია შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის პასუხშია აღნიშნული, რომელიც სადეპუტატო კითხვის პასუხად გამოქვეყნდა.

დეპუტატი თეონა აქუბარდია დაინტერესდა, სიჩქარის გადაჭარბებისა და საპატრულო ჯარიმებით მხრივ თუ ხდება რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანების დაჯარიმება.

უწყების ცნობით, 2022 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მიერ მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ ცვლილებით, უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი განისაზღვრა.

სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომანქანების მფლობელების მიმართ, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ხორციელდება, როგორც სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სხვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრება.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, უწყების ცნობით, ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებული დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი ქვეყნდება როგორც საჯაროდ, ასევე ხდება მისი გაგზავნა საკონტაქტო ნომერზე ან საჯარიმო ქვითარი პირს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ბარდება. შესაბამისად, ჯარიმის ან კანონით გათვალისწინებულ ვადებში მისი გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავის გადახდა პირს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას უწევს.