პარლამენტმა, მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობას გააკონტროლებენ. 

გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.

კონტროლი 4 ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში განხორციელდება.

დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 300 ლარით დაჯარიმდება. კვლავ განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარით იქნება.

იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება,  განმეორებით შემთხვევაში - 1500 ლარით, ხოლო დამატებითი განმეორების შემთხვევაში - 3000 ლარით.

ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების არსებობის კონტროლი 4 სექტემბრიდან დაიწყება.