14 ივნისს საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის გენერალური საკონსულო ფილიპინების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალურ საზეიმო მიღებას გამართავს. ღონისძიებაზე მიწვეული საზოგადოება ასევე აღნიშნავს საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის საკონსულოს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. მიღებას დაესწრება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და მოწვეული სტუმრები.

„ფილიპინელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 125-ე წელს ზეიმობს და მოხარული ვარ, რომ ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებული საზეიმო განწყობის  გაზიარების საშუალება საქართველოშიც მოგვეცემა“, - აღნიშნავს ღონისძიების მასპინძელი, ფილიპინების გენერალური კონსული თეიმურაზ ჭიჭინაძე, რომელიც ამავე დროს საქართველოს საპატიო კონსულთა ასოციაციასაც ხელმძღვანელობს.

საზეიმო მიღებაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ფილიპინელი ხელოვანების ფოტო-ნამუშევრები.

საზეიმო მიღებას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს (მისამართი: თბილისი, რუსთაველის ქ. 27).

2003 წლიდან მოყოლებული, საკონსულო  შეფერხების გარეშე მუშაობს გენერალური საკონსულოსთვის განსაზღვრული დიპლომატიური პროტოკოლისა და უფლებების შესაბამისად.

როგორც გენერალურმა კონსულმა თეიმურაზ ჭიჭინაძემ მიღებაზე წარმოთქმული მიმართვისას განაცხადა, მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს 20-ეულში შემავალი სახელმწიფოს წარმომადგენლობა დიდი პასუხისმგებლობაც არის და დიდი შესაძლებლობაც, რომ მიმღებ ქვეყანასთან თანამშრომლობით ახალი ეკონომიკური და კულტურული კავშირების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი,  ამით კი  ორი ქვეყნის მეგობრობა და თანამშრომლობა განამტკიცო და  ამ ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანაში წვლილი შეიტანო.

„ფილიპინელი ხალხი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 125-ე წელს ზეიმობს და მოხარული ვარ, რომ ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებული საზეიმო განწყობის  გაზიარების საშუალება საქართველოშიც გვეძლევა“, - აღნიშნა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.

მისი თქმით საპატიო კონსულების საქმიანობის წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული სამოღვაწეო ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყების მათდამი დამოკიდებულებაზე.

„რა თქმა უნდა, ბევრი რამ, თუ ყველაფერი არა, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად, რამდენად პერსპექტიულად უყურებს და აფასებს სამოღვაწეო ქვეყნის მთავარი დიპლომატიური უწყება საპატიო კონსულების შესაძლებლობებს. დღეს ჩვენს საზეიმო მიღებაზე იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი რანგის წარმომადგენლები და მე მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, სამინისტროსა და საპატიო კონსულების ურთიერთობა უფრო და უფრო მეტ დადებით იმპულსს იძენს. დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობის ამგვარი ხასიათი ბევრ კარგი იდეის განხორციელების საშუალებას მოიტანს. იმავეს თქმა შემიძლია სამინისტროსა და საპატიო კონსულთა ასოციაციას შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე“, - ხაზი გაუსვა თეიმურაზ ჭიჭინაძემ, რომელიც ამავე დროს აღნიშნული ასოციაციის ხელმძღვანელიც გახლავთ.

საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას თანამედროვე ფილიპინელი მხატვრების ნამუშევრების გაცნობის საშუალებაც მიეცა. მიღებას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა.