მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“..., მართალია, რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე მალე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, მათ არ ეშინიათ, რადგან იქ მხოლოდ სიყვარული სუფევს და ვინც ამბობს, რომ იქ ვინმესთან დაპირისპირება ბევრ ტყუილთა შორის ეს კიდევ ერთი ტყუილია.
"ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებს. უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა. რომელიც ხვალ, ზეგ ძალიან ძლიერი და ევროპული საქართველო იქნება. ამას ვერავინ გააჩერებს. მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“..., მართალია რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე გისოსების უკან მალე ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ეს კიდევ ერთი ტყუილია ბევრ ტყუილთან შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა დღეს დედაქალაქში მიმდინარე მსვლელობებზე, რა დროსაც გამოყო „ანწუხელიძის“ მარში და აღნიშნა, რომ სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვართ ვალდებული, რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო.
"დღეს აქ მრავალთა მარშის შუა მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - „ანწუხელიძის“ მარში. სწორედ ანწუხელიძის წინაშე ვალდებული ვარ, თქვენ ხართ ვალდებული რომ ერთგული ვიყოთ იმ საქართველოსთვის, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ თორემ არ ვიქნებოდით და არ იქნებოდა საქართველო. მაგრამ საქართველო არასდროს ეგუება და თმობს, როცა მართალია. საქართველო მართალია. მართალი ხართ თქვენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსთაველის გამზირზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, მიკროფონი გაითიშა. სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის გაგრძელება ე.წ. მეგაფონით მოუწია.
მანამდე პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის რჩება პრეზიდენტად და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულად.
„მე მინდა, ახლა გითხრათ, რას გავაკეთებთ. პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ. მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე ფიცი 6 წლის წინ დავდე. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული, იმ ქართული ჯარის, ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ. ასევე, ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს, გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არა ვარ ყველასი პრეზიდენტი - ვარ და ვიქნები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.