22 ივლისს სოჭიდან საკრუიზო ლაინერმა - Astoria Grande-მა ახალი მარშრუტით პირველი რეისის შესრულება დაიწყო. როგორც ერთ-ერთი რუსულენოვანი ტელეარხი ავრცელებს ინფორმაციას, მოგზაურობის დაწყების მეხუთე დღეს, სოჭიდან გამოსული ლაინერი ბათუმის პორტშიც შევა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
„ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი. მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტების გაცემა", - ნათქვამია ამავე ტელეარხის მომზადებულ მასალაში.
მათივე ინფორმაციით, კრუიზზე ახლა 850 მგზავრია. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას. გარდა ამისა, ლაინერის მენიუს ქართული ტრადიციული კერძებიც დაემატა.
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტუმრები დააფასებენ ამ ქალაქის გასაოცარ ატმოსფეროსა და კულტურას. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური საექსკურსიო პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ამ ქალაქს და მის კულტურას“, - ამბობს საკრუიზო კომპანიის სასტუმროს მენეჯერის მოადგილე.
იგივე ლაინერი მორიგ ტურნეს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ის „ვარსკვლავური" კრუიზის მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.